რუსული პროპაგანდა

სასჯელაღსრულების სამინისტრო გაშუქებისთვის ღიად პრორუსულ მედიას ფულს უხდის

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ახალი ანგარიში "მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2016" გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციები აგრძელებენ კონტრაქტების გაფორმებას ისეთ მედიებთან, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ. წინა პერიოდისგან განსხვავებით, 2016 წელს კონტრაქტორთა შორის ღიად პრორუსული გამოცემა "თბილისი 24" აღმოჩნდა, რომელიც პრორუსულ პარტია "ცენტრისტებთან” დაკავშირებული ორგანიზაციაა. ამ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ბედუკაძეა. აღნიშნულ გამოცემაში საინფორმაციო კამპანიას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ახორციელებს.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ მასალების გაშუქებაში "თბილისი 24-ს", რომელიც დეზინფორმაციასა და რუსულ პროპაგანდას ავრცელებს, 2016 წელს 3 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა, ხოლო 2017-ში 3387. პირველ შემთხვევაში ხელი სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანმა, ხოლო 2017 წელს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილმა მოაწერეს.

ხელშეკრულების საგნად მითითებულია ახალი ამბების სააგნტოს მომსახურების შეძენა. მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე მოძიებული მასალების მიხედვით, სამინისტრო "თბილისი 24"-ის ვებსაიტზე უწყებების ცალკეული აქტივობებსა და მინისტრის კომენტარებს აშუქებს.

მედიის განვითარების ფონდი კვლევაში ასევე ასახელებს იმ კონკრეტულ ნიუსებს, რომელიც "თბილისი 24"-ის პრორუსულობას ადასტურებს და დეზინფორმაციას ასახავს.

კომენტარები