ძარცვა

კლუბში ტურისტების ცემისა და 3 638 ლარის წართმევისთვის ერთი პირი დააკავეს

კოტე აფხაზის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ 1980 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავა.

გამოძიების თანახმად, ა.ჩ.-მ მიმდინარე წლის 31 მარტს თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, კლუბ დოლზში, სადაც იგი კერძო დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, ინდოეთის მოქალაქეებს შეკვეთის საფასურად შეუსაბამო თანხის - 3 638 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაზეც უცხოელებმა პრეტენზია გამოთქვეს.

"ბრალდებული, კლუბის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ინდოეთის მოქალაქეებს ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შემდეგ ა.ჩ.-მ ერთ-ერთ მათგანს საფულე წაართვა და თანხის საკრედიტო ბარათით გადახდა აიძულა. დაზარალებულებმა პოლიციას დახმარებისთვის მომხდარიდან ორი დღის შემდეგ მიმართეს. სამართალდამცველებმა ა.ჩ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ინდოელი ტურისტების თქმით, 3 638 ლარი ორი ბოთლი ლუდის სანაცვლოდ გადაახდევინეს.

კომენტარები