გარევაჭრობა

დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღეს

თბილისის მერია

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო. მერიის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურმა დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი უკლებას თქმით, მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, შეღავათიანი პირობებით, სხვადასხვა ბაზრებში გადანაწილდნენ.

„დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გარემოვაჭრეები ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, რომ დღეიდან მათ უკანონო ვაჭრობის საშუალება არ მიეცემოდათ. მათ ასევე იციან, რომ შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერი ბაზრის ადმინისტრაციას და დაიწყონ ვაჭრობა შეღავათიანი პირობებით. ამის შესახებ თბილისის მერიამ და ბაზრების ასოციაციამ შეთანხმებას მიაღწიეს“, - განაცხადა გიორგი უკლებამ და აღნიშნა, რომ "უახლოეს მომავალში გარევაჭრობის პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით მოწესრიგდება".

თბილისის მერიის განცხადებით, გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს ადგილებს დაუთმობს. მათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

"გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს, მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება", - აცხადებს მერია.

დედაქალაქის მთავრობამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

კომენტარები