მარიხუანას ლეგალიზაცია

კახიძე: მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები ლეგალიზაციისკენ

ტაბულა

პარტია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის წევრის ოთო კახიძის თქმით, მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით პარტიაში ერთიანი პოზიცია არსებობს, რაც შეეხება ლეგალიზაციას პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა. კახიძეს მიაჩნია, რომ 2017 წელს სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები ლეგალიზაციის მიმართულებით, უბრალოდ, ეს უნდა იყოს კარგად დარეგულირებული.

„რაც შეეხება ლეგალიზაციას, თვითონ პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა. მე ვთვლი, რომ ეს თემა არის დასარეგულირებელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ 2017 წელს სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები ლეგალიზაციის მიმართულებით, უბრალოდ, ეს უნდა იყოს კარგად დარეგულირებული. ვგულიხმობ იმას, რომ მარიხუანაზე ხელმისაწვდომობა არ უნდა ქონდეთ არასრულწლოვნებს, იგი არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სასწავლო დაწესებულებებში, უნდა იყოს მკაცრი სანქციები გათვალისწინებული მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებით და უნდა იყოს შესაბამისი ლიმიტები დადგენილი.“ - ამბობს ოთო კახიძე.

კახიძეს მიაჩნია, რომ საქართველო მარიხუანის ლეგალიზაციისთვის მზად არის, თუმცა ზუსტი პასუხი არ აქვს თუ რომელ პოზიციას იზიარებს პარტიის უმრავლესობა.

"ეს საკითხი არ დასმულა კენჭისყრა ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო ამისთვის მზად არ არის და არიან ისეთები, რომლებიც თვლიან ისე, როგორც მე. [რომელი პოზიცია მეტია] ასე ვერ გეტყვით",- ამბობს ოთარ კახიძე.

პარტიის წევრებს კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ დავუსვით რაც გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში,  ევროპული საქართველოს წევრმა გიგი წერეთელმა თქვა, რომ "საქართველო  ნარკოტიკების ლეგალიზაციისთვის მზად არ არის და არც იქნება კარგა ხანს"

თავად გიგი წერეთლის ჩაწერა ამ თემასთან დაკავშირებით ვრცლად ტაბულამ ჯერ ვერ მოახერხა, თუმცა მოკლე კომენტარში მან აღნიშნა, რომ არა კონკრეტულად მარიხუანის, არამედ ზოგადად ნარკოტიკები ლეგალიზებაზე საუბრობდა.

კომენტარები