ე.წ. მოსმენების კანონი

დოლიძე: მოსმენების კანონი არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს

ანა დოლიძე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით, ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ორი ძირითადი არგუმენტია წარმოდგენილი, რომელიც სააგენტოს დამოუკიდებლობას და საკომუნიკაციო კომპანიების ფინანსურ ხარჯებს ეხება.

"ჩვენ გვაქვს მითითება საკონსტიტუციო სასამართლოდან, რომ მოსმენების განმახორციელებელი უწყება უნდა იყოს გამოძიებისგან დამოუკიდებელი, ამიტომ არ შეიძლება, რომ ის იყოს სუს-ში და არ შეიძლება, რომ ის იყოს დაკავშირებული სუს-თან. 

ამავე დროს, ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, რომ ეს უწყება, სააგენტო პირდაპირ იყოს დაქვემდებარებაში პრემიერთან, შესაბამისად, ის დარჩება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ იქნება დამოუკიდებელი სუს-ისგან და ამით ჩვენ დავაკმაყოფილებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას. 

პრობლემურია ასევე ის, რომ კანონი აკისრებს სერიოზულ ხარჯებს საკომუნიკაციო კომპანიებს და ჩვენი მოთხოვნით, ჩვენი კონსტიტუციით ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ბიზნესს შევთავაზოთ სამართლიანი ანაზღაურება, რა შემთხვევაშიც სახელმწიფოს დაუკმაყოფილდება თავისი ინტერესი, მაგრამ წნეხი არ განხორციელდება განსაკუთრებით მცირე და პატარა ბიზნესზე", - თქვა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, 2014 წლიდან არის განმეორებითი შემთხვევები, რომ ქვეყანაში შეიქმნას სისტემა, რომელიც იქნება თვისობრივად ახალი და თვისობრივად განსხვავებული იმ მიყურადებისგან და ყველა ადამიანის ცხოვრებაში ძრომიალისგან, რომელიც ამ ქვეყანაში ხორციელდებოდა 2012 წლამდე.

"სამწუხაროდ, ეს კანონიც გაშვებული შესაძლებლობაა, ვინაიდან ჩვენ თვისობრივად ახალ, დაცულ სისტემაზე სამწუხაროდ აღარ გადავდივართ", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

გუშინ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს ვეტო პრეზიდენტმა 21 მარტს დაადო.

ნახეთ >> რა არის და რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონი

კომენტარები