ე.წ. მოსმენების კანონი

იურიდიულმა კომიტეტმა მოსმენების კანონზე პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

ეკა ბესელია
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირა. სხდომაზე იყო მოწოდებებიც, რომ გიორგი მარგველაშვილისთვის სპეკულაციების საშუალება არ მიეცათ.

"ჩემს კოლეგებს მივმართავ, ამ ვეტოს მაინცდამაინც დიდი გულისყურით ნუ მოეკიდებით. იმიტომ, რომ ეს ვეტო დაადო გიორგი მარგველაშვილმა, ჩვენმა პრეზიდენტმა. პრეზიდენტი უნდა იყოს დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი. ეს ის პრეზიდენტია და ის ინსტიტუტია, რომელიც წარადგენს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს, იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ემიჯნება. შესაბამისად, მისი ვეტო არის ვეტო ვეტოსთვის ან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და ის მოკლებულია ყოველთვის შინაარსობრივ მდგომარეობას. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ მშვიდად მივყვეთ პროცედურებს, რასაც კანონმდებლობა მოითხოვს, შესაბამისად, დავძლიოთ ეს ვეტო და პრეზიდენტს არ მივცეთ სპეკულაციების საშუალება", - მიმართა დეპუტატებს ქართული ოცნების დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთარ კახიძემ კი ქართული ოცნების წევრებს შეახსენა, რომ კანონპროექტი საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა, მოსმენების ბერკეტი კვლავ სუს-ში რჩება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი კვლავინდებურად ირღვევა.

სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

"ჩვენ მოვედით მთავარი მოტივით, რომ ჩვენი შენიშვნებით შეგვექმნა უკეთესი სისტემა, დაწერილიყო უკეთესი კანონი, შექმნილიყო უკეთესი ორგანო, მაგრამ დაგვხვდა სრულიად პოლიტიკურად ორიენტირებული და მოტივირებული დისკუსია თავისი რეპლიკებით. შინაარსობრივი და სამართლებრივი დისკუსიიდან პოლიტიკურ დისკუსიაში გადატანა არ არგებს და აზიანებს კანონმდებლობის ხარისხს, რომლის გაუმჯობესებასაც ყველა ერთად უნდა ვცდილობდეთ", - თქვა ანა დოლიძემ.

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს ვეტო პრეზიდენტმა გუშინ დაადო.

კომენტარები