გალარება

ქუმსიშვილი გალარებაზე: მოლოდინი გვქონდა მეტის

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

"მოლოდინი გვქონდა მეტის", - ამბობს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სესხების გალარების პროგრამაზე, რომლის შედეგადაც $400-მილიონიანი სასესხო პორტფელიდან, არსებული მდგომარეობით, $70 მილიონის ღირებულების სესხები გალარდა. ქუმსიშვილმა გალარებაზე "საქმის კურსთან" ისაუბრა.

"დაზუსტებული ინფორმაციით 70 მლნ დოლარის სესხების გალარება მოხდა, ეს არის 5 ათასზე მეტი მსესხებელი. მოლოდინი გვქონდა მეტის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო დახმარების აქცია, რომელიც მთავრობამ თავისი ნებით გამოხატა და ამაზე ნებაყოფლობით უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება მსესხებლებს, ჩვენ ამ მიმართულებითაც ძალიან კმაყოფილები ვართ. 

დარწმუნებული ვართ, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, მათ შორის ის, რომ 100 ათას ლარამდე სესხები გაიცემა ლარებში ამ მოცულობის მსესხებლებში, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო და უფრო ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ვალუტის რყევებზე", - ამბობს ქუმსიშვილი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 17 მარტის მდგომარეობით გალარებული სესხების მოცულობა $70.858 მილიონია, რაც ამ სასესხო პორტფელის 17%-ია. იმის მიუხედავად, რომ პროგრამა 17 მარტს დასრულდა, მასში ჩართული პირების რაოდენობა კვირის ბოლომდე გაიზრდება, რადგანაც ბანკებს ჯერ კიდევ არ აქვთ გალარების ყველა მოთხოვნაზე კონტრაქტი გაფორმებული. 17 მარტის მდგომარეობით, გალარებულია სულ 5092 ფიზიკური პირის სესხი, მათი რაოდენობა კვირის ბოლომდე გაიზრდება.

სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 2 თვეს გასტანა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ იმ პირებს, ვინც უძრავი ქონების უზრუნველყოფით აშშ დოლარში საბანკო სესხი 2015 წლის 1-ლ იანვრამდე აიღო. გარდა ამისა, პროგრამის ბენეფიციართა წლიური შემოსავალი 2015 წლისათვის 100,000 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ხოლო სესხის ნარჩენი ოდენობა - 100,000 აშშ დოლარზე მეტი. 

ეს მსესხებლები სესხის ლარში გადაყვანის სუბსიდიას მიიღებენ, მაგალითად, თუ ახლა კურსი 2.50-ია, გალარებისას კურსი 2.30-ში იანგარიშება. კურსებს შორის არსებული 20-თეთრიანი სხვაობა "გალარების სუბსიდიაა", მასზე ცენტრალური ბიუჯეტიდან დაახლოებით 65 მილიონის დახარჯვა იგეგმება. თუმცა სავარაუდოდ, რადგანაც გალარება ამ სესხების მხოლოდ 15%-ს შეეხო, გალარების სუბსიდია სრულად არ დაიხარჯება. 

გალარება ეხება მსესხებლებს, ბანკებში კი ეს სესხები ისევ დოლარის სესხად რჩება. მსესხებელთა მიერ გადახდილი ლარის სანაცვლოდ ბანკები დოლარის რესურსს მიიღებენ, რასაც მათ ეროვნული ბანკი საკუთარი რეზერვებიდან მიაწვდის.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის შეფასებით, გალარების პროგრამის მიზანია, სავალუტო სესხი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა უკეთ შეუძლია და ისინი, როგორც წესი, ფიზიკური პირები არ არიან.

კომენტარები