გალარება სესხების მხოლოდ 15%-ს შეეხო

AP Photo

"გალარების" აქცია დღეს სრულდება, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აქციის პერიოდში გალარებული 4.5 ათასი სესხის მოცულობა ჯამში $60 მილიონ დოლარს აჭარბებს. ქუმსიშვილის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ $400-მილიონიანი სასესხო პორტფელიდან მხოლოდ $60 მილიონი გალარდა, ეს მაინც კარგი შედეგია.

"ჩვენ ნამდვილად ძალიან მოვინდომეთ და ყველაფერი გავაკეთეთ პროგრამის ამოქმედებისთვის. მინდა, მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც გალარების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. 4500 ოჯახი, რომელიც შემდგომში დაზღვეულია სავალუტო კურსის რყევებისგან, ნიშნავს, რომ გალარების პროგრამას კარგი შედეგი აქვს", - ამბობს მინისტრი.

სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 2 თვეს გასტანა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მათ, ვინც უძრავი ქონების უზრუნველყოფით აშშ დოლარში საბანკო სესხი 2015 წლის 1-ლ იანვრამდე აიღო. გარდა ამისა, პროგრამის ბენეფიციართა წლიური შემოსავალი 2015 წლისათვის 100,000 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ხოლო სესხის ნარჩენი ოდენობა - 100,000 აშშ დოლარზე მეტი. 

ეს მსესხებლები სესხის ლარში გადაყვანის სუბსიდიას მიიღებენ, მაგალითად, თუ ახლა კურსი 2.50-ია, გალარებისას კურსი 2.30-ში იანგარიშება. კურსებს შორის არსებული 20-თეთრიანი სხვაობა "გალარების სუბსიდიაა", მასზე ცენტრალური ბიუჯეტიდან დაახლოებით 65 მილიონის დახარჯვა იგეგმება. თუმცა სავარაუდოდ, რადგანაც გალარება ამ სესხების მხოლოდ 15%-ს შეეხო, გალარების სუბსიდია სრულად არ დაიხარჯება. 

გალარება ეხება მსესხებლებს, ბანკებში კი ეს სესხები ისევ დოლარის სესხად რჩება. მსესხებელთა მიერ გადახდილი ლარის სანაცვლოდ ბანკები დოლარის რესურსს მიიღებენ, რასაც მათ ეროვნული ბანკი საკუთარი რეზერვებიდან მიაწვდის.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის შეფასებით, გალარების პროგრამის მიზანია, სავალუტო სესხი გადავიდეს მათზე, ვისაც ამ რისკების მართვა უკეთ შეუძლია და ეს, როგორც წესი, ფიზიკური პირები არ არიან.

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო "გალარების" პროგრამის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგს უახლოეს მომავალში გამართავენ.

კომენტარები