რუსთავი 2-ის საქმე

კალაძე რ2-ზე: შესაძლოა, ენმ-ის ინფორმაციით ევროპარლამენტარები სიცრუეზე აპელირებდნენ

ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცეპრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთავი 2-თან დაკაშირებით ევროპარლამენტარების წერილს იცნობს და "პასუხიც იქნება წარმოდგენილი უახლოეს დღეებში".

ჟურნალისტების კითხვას, რამდენად საფუძვლიანია ის საფრთხეები, რაზეც ევროპარლამენტარები წერილში საუბრობენ, კალაძე პასუხობს, რომ "საქართველოში არცერთ მედიასაშუალებას არ აქვს საფრთხე".

"დამთავრდა ის დრო, როდესაც ტელევიზიებში ხელკეტებით, ნიღბებით უვარდებოდნენ. დამთავრდა ის დრო საქართველოში, როდესაც ტელევიზიების დახურვა მიდიოდა. არცერთ მედია საშუალებას და არც რუსთავი 2-ს არანაირი საფრთხე არ გააჩნია საქართველოში და ჩვენი მთავრობის პირობებში. ეს ჩვენ არა მხოლოდ ლაპარაკით, საქმით დავამტკიცეთ და ვაჩვენეთ სრულიად მსოფლიოს, თუ როგორი ლიბერალური მიდგომები გვაქვს და ჩვენთვის მედიის პლურალიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ არის რაიმე ხარვეზი, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. უბრალოდ, ის, რომ თითქოს მედია არის ტერორის ქვეშ, არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი. ჩვენ მივესალმებით მედიაპლურალიზმს საქართველოში", - აცხადებს კალაძე.

ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა, ევროპარლამენტარებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდეთ, კალაძე პასუხობს:

"შეიძლება ჰქონდეთ არასწორი ინფორმაცია, მათი განცხადებები, რომ თითქოს მიდის ჩვენი მხრიდან კონკრტულ მედიასაშუალებებზე ზეწოლა, შეიძლება ითქვას, რომ არის არასწორი".

კითხვას - უშვებს თუ არა, რომ ევროპარლამენტარები სიცრუეზე აპელირებენ, ვიცეპრემიერი პასუხობს:

"არ არის გამორიცხული, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მიწოდებული არასწორი ინფორმაციის შედეგად აპელირებდნენ ისინი".

კითხვას, თუ მედიაზე ზეწოლა არ არის, რას ნიშნავს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, კალაძე კვლავ პასუხობს, რომ საქართველოში არცერთი მედიასაშუალების მიმართ არანაირი ზეწოლა არ მიმდინარეობს.

"მე ვრჩები ჩემს მოსაზრებაზე - საქართველოში არცერთი მედიასაშუალების მიმართ არანაირი ზეწოლა არ მიმდინარეობს, ეს წლები ჩაბარებულია წარსულს. საქართველოში ვერავინ გაბედავს, რომელიმე მედიასაშუალებაზე ან რომელიმე ჟურნალისტზე განახორციელოს ზეწოლა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მოხდა დროებით შეჩერება, პროცესი მიმდინარეობს და დაველოდოთ. ამ კონკრეტულმა საქმემ გაიარა სამივე ინსტანცია და სამივე ინსტანციამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული. ასე რომ, დაველოდოთ პროცესებს. ევროსასამრთლოს მხრიდან იქნა გარკვეული განცხადება, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და, შესაბამისად, დაველოდოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ევროპარლამენტის ALDE-ს ჯგუფმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, უზრუნველყოს თავისუფალი, ღია და პლურალისტური მედიაგარემო და ერთგული დარჩეს ევროპული ღირებულებებისადმი. 

კომენტარები