გაზის ტარიფი

კალაძე: გაზის ტარიფი შეიძლება გაიზარდოს, ეს მხოლოდ კურსის გაუფასურებას უკავშირდება

ტაბულა

"ბუნებრივი აირი სრულად იმპორტირებულია და მისი საფასურის გადახდა ხდება უცხოურ ვალუტაში, დოლარებში ხდება მისი ყიდვა და საქართველოში ეროვნულ ვალუტაში ხდება მისი გასაღება, ასე რომ, არის შესაძლებლობა, რომ გაზის ტარიფი გაიზარდოს", - განაცხადა ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. კალაძის თქმითვე, თუ ტარიფები გაიზრდება, ეს "მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით".

ენერგეტიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ თუ სემეკი ტარიფის ზრდას გადაწყვეტს, სახელმწიფომ ამის საპასუხოდ ტარიფის მიზნობრივი სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღოს. 

"რასაც თქვენ საუბრობთ, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების სუბსიდირება ბიუჯეტიდან, ეს პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებშიც მიღებულია და შეგვიძლია განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი კომისია დაადგენს და იმ შემთხვევაში, თუ იქნება მატება, შეგვიძლია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტროენერგიის ნაწილში გვაქვს", - ამბობს კალაძე.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფების განხილვა დაიწყო. კომისია უკვე განიხილავს "ყაზტრანსგაზის", "სოკარის", საქორგგაზისა" და "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ტარიფებს. სატარიფო განაცხადების განხილვა ივლისში დასრულდება, სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა, გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირის ღირებულება.

გაზის ტარიფების დადგენა ბოლოს 2005 წლის 31 დეკემბერს მოხდა, მას შემდეგ უკვე 12 წელია ბაზარზე უცვლელი ტარიფები მოქმედებს. სემეკის გადაწყვეტილებით, 2017 წლიდან ტარიფების ყოველწლიური გადათვლა მოხდება.

კომენტარები