რუსთავი 2-ის საქმე

სტრასბურგის სასამართლომ R2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა

რუსთავი 2

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა. 


ფოტო: facebook.com/nika.gvaramia.129

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.

5 მარტს, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი ადვოკატი პაატა სალია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მივიდნენ. რუსთავი ორის ინფორმაციით, ხალვაში ტელეკომპანიის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვდა.

5 მარტსვე, ევროსასამართლოში შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრმა არ დააკონკრეტა, იყო თუ არა სასამართლოში საუბარი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით, 8 მარტამდე შეაჩერა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი შეჩერების გადაწყვეტილება უვადოდ გააგრძელა. ევროსასამართლომ მოპასუხე მხარედ საქართველოს ხელისუფლება განსაზღვრა.

2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

კომენტარები