საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობაც კოსტავას 68-ში აშენდება

ტაბულა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა კოსტავას 68-ში, GPB-ის მოქმედი კორპუსის გვერდით აშენდება. ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა. 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პროცესი იწყება. ახალი შენობა ახლანდელის გვერდით აშენდება და 2018 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი იმუშავებს ძალიან კომფორტულ შენობაში. ამისთვის უკვე დაიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურები", - თქვა მაღლაფერიძემ და განმარტა, რომ ჯერ ტენდერი საპროექტო დავალებასთან დაკავშირებით უნდა გამოცხადდეს, შემდეგ კი, კონკურსი უშუალოდ შენობასთან დაკავშირებით ჩატარდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამოქმედო გეგმა დღეს, სამეურვეო საბჭომ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, 17 ივლისამდე შენარჩუნდება არსებული საეთერო ბადე. განახლებული საეთერო ბადისთვის კი, კონკურსი ჩატარდება. კონკურსი არ შეეხება საინფორმაციო გამოშვებებს. გეგმის მიხედვით, ათობით გადაცემა დაიხურება, მათ შორის, წითელი ზონა და რეალური სივრცე.

კომენტარები