რუსთავი 2-ის საქმე

ყარამანაშვილი: ჩვენი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივ გზას მივმართავთ

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა რუსთავი 2-ის ეთერში ტელეკომპანიის მფლობელმა გია ყარამანაშვილმა. ყარამანაშვილის თქმით, ისინი მათი უფლებების დასაცავად მიმართავენ ყველა სამართლებრივ გზას. ყარამანაშვილი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც კომპანიის მფლობელი გახდა, რ2-თან არავითარი სამართლებრივი დავა არ არსებობდა. 

"მთელი საქართველო აკვირდებოდა, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართულ სასამართლოში. რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესი მთლიანად პოლიტიზირებული იყო. ხელისუფლების მიერ ორ კერძო სუბიექტს შორის მონათლულ პროცესს არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალობასთან. მაშინ, როდესაც ჩვენ გავხდით მფლობელები, არავითარი სამართლებრივი დავა და პრეტენზიები კომპანიასთან დაკავშირებით არ არსებობდა.

მიუხედავად ამ აბსურდისა, ქართულმა სასამართლომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ერთბაშად გაანადგურა საქართველოში სიტყვის თავისუფლების, საკუთრების და სამართლიანი სასამართლოს უფლებები. შეილახა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული ჩვენი უფლებები. ამიტომ, ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას. მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენი სარჩელები. მივმართავთ სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლოს, სარჩელის შეტანამდე გამოიყენოს დროებითი ღონისძიება და შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება", - თქვა გია ყარამანაშვილმა.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

კომენტარები