საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

ევროპარლამენტმა მარინ ლე პენის ხელშეუხებლობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

AP

ევროპარლამენტმა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ფრონტის ლიდერის, მარინ ლე პენის ხელშეუხებლობის გაუქმებას მხარი დაუჭირა.

ხელშეუხებლობის მოხსნის მიზეზი, 2015 წელს ლე პენის მიერ Twitter-ის პირად გვერდზე გავრცელებული ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ მოკლული რამდენიმე ადამიანის ფოტო გახდა. მათ შორის, ერთ-ერთ ფოტოზე ტერორისტების მიერ მოკლული ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფული იყო გამოსახული.

ევროპარლამენტის წევრობა ამ დრომდე ლე პენს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდა და მის წინააღმდეგ სასამართლო საქმის აღძრას გამორიცხავდა.

ლე პენის შეფასებით, ევროპარლამენტარების ეს გადაწყვეტილება იმ სისტემის ნაწილია, რომელსაც სურს, რომ "ფრანგი ხალხის კანდიდატი" [ლე პენი] შეაჩეროს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება, სადაც ოთხი მთავარი კანდიდატი - რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი, ნაციონალისტი მარინ ლე პენი, სოციალისტი ბენუა ამონი და პარტია En Marche!-ს ლიდერი ემანუელ მაკრონი იქნებიან. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით არჩევნების პირველი ტურის ფავორიტად მარინ ლე პენი მიიჩნევა, თუმცა მეორე ტურის ფავორიტად ემანუელ მაკრონი ჩანს. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

კომენტარები