დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

წულუკიანი: მეუფე პეტრეს ყველა ეთერში მოსმენას მოთმინება სჭირდება

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აფასებს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას განცხადებას, რომ ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიებაში "ღმერთის ხელი ურევია". ამის შესახებ წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

"ამ ბოლო დღეებში ძალიან ბევრს ვუსმენთ ერთ-ერთ მეუფეს, დასავლეთ საქართველოდან, ყველა არხზე და თითქოს ტენდენციაც არის, რომ არავინ მას არ უნდა დაეთანხმოს და თითქოს ის შეტევაზეა. ის მართლაც შეტევაზეა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მე მას მართალია ყველა ეთერში ვერ ვუსმინე, ამას მოთმინება სჭირდება, რომელიც მე ასეთი დოზით არ მაქვს. ერთ რამეში მინდა დავეთანხმო და ხაზი გავუსვა ძალიან დიდ სიმართლეს, რაც მან თქვა. მისი თქმით, 2004 წელშიც იყო ეჭვები, რომ პატრიარქის წინააღმდეგ რაღაც იგეგმებოდა, შემდეგ 2009 წელშიც საოცრებები დაიწერა, რომ პატრიარქის მოწამვლა სცადეს და საერო ხელისუფლებას არ ეყოფა გამბედაობა, გამოძიება დაეწყო და ამ გამოძიებაში ღმერთის ხელი ურევიაო. მე არ ვარ ის პირი, რომელიც თავს უფლებას მისცემს, ისაუბროს, სად არის ღმერთის ხელი და სად არაა, მაგრამ ამაში უნდა დავეთანხმოთ მას, რომ ამ ხელისუფლებას დიახ, ეყო გამბედაობა, ეთქვა: "ამას მე არ დავუშვებ და გამოძიებას ჩავრთავ". მივესალმები ეკლესიის ზოგად პოზიციას, მიუხედავად შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, რომ ისინი ენდობიან გამოძიებას", - თქვა წულუკიანმა.

კომენტარები