ფარული მოსმენები

"მოძრაობა თავისუფლებისთვის" დეპუტატებმა სესია პროტესტის ნიშნად დატოვეს

საპარლამენტო უმცირესობამ პლენარული სესია პროტესტის ნიშნად დატოვა, სადაც ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტი დღეს მეორე მოსმენით განიხილება. დღესვე საპარლამენტო უმრავლესობამ ცვლილებათა პაკეტის მუხლობრივ განხილვაზე უარი თქვა.

"შეგვიზღუდეთ აზრის გამოთქმის საშუალება, მოგვიხსენით ფრაქციების დროით გამოსვლის საშუალება, გვითიშავდით მიკროფონებს. საბოლოოდ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა პარლამენტის სუს-ის ნოტარიუსად ქცევას. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს არის ივანიშვილის დაცვის უფროსის დაკვეთით მომზადებული კანონპროექტი, რომლის მეორე მოსმენაზეც პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი განაცხადა. ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ და პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სხდომას", - თქვა მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთარ კახიძემ.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არ დააკმაყოფილა ამავე ფრაქციის წევრის სერგი კაპანაძის ინიციატივა კანონპროექტის განხილვის მომდევნო სესიაზე გადადებასთან დაკავშირებით. კაპანაძის თქმით, "მაშინ როდესაც ბევრი ორგანიზაცია, პრეზიდენტი, მათ შორის ოპერატორები არ ემხრობიან მთელი რიგი ცვლილებების შეტანას, მე მგონია, რომ თუ გადაიდება და კონსულტაციები გაგრძელდება, ამაზე უფრო მეტი შანსია, რომ საკონსტიტუციო ვადაში მოესწროს, ვიდრე ახლა, ამ რეჟიმში გაგრძელება".

საპარლამენტო უმცირესობის პროტესტს ირაკლი კობახიძემ "მცირე საპარლამენტო საბოტაჟი" უწოდა, რომელიც მან "რეგლამენტის შესაბამისად აღკვეთა".

კომენტარები