თამბაქო

კონკურენციის სააგენტო: თამბაქოს მწარმოებლების დაჯარიმების საქმეში ჩართული არ ვართ

pbs

თამბაქოს საერთაშორისო ბრენდებს - ფილიპ მორის საქართველოსა და ბრითიშ ამერიკან ტობაკოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯარიმა დააკისრა. როგორც ცნობილია, ორივე კომპანიის შემთხვევაში ჯარიმა 90 მილიონ ლარს აღემატება. ფილიპ მორისის წინააღმდეგ სარჩელი ქართულმა კომპანიამ თბილისის თამბაქომ (სიგარეტი პირველი) მოამზადა, ბრითიშ ამერიკან ტობაკოს კი კიდევ ერთი ქართული კომპანია - ომეგა ჯგუფი ედავებოდა. 

როგორც ცნობილია, დავის საგანს წარმოადგენდა ქართული მწარმოებლების არგუმენტი, თითქოს ფილიპ მორისი და ბრითიშ ამერიკან ტობაკო ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებდნენ, რაც სასამართლომ გაიზიარა. მან კომპანიები არაკეთილსინდისიერ კონკურენციასა და ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებაში დამნაშავედ მიიჩნია და დააჯარიმა. სასამართლოს საქმეზე დასაბუთება ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ტაბულასთან საუბარში კონკურენციის სააგენტოში განაცხადეს, რომ სასამართლო განხილვაში ჩართული არ იყვნენ. სააგენტოში თქვეს, რომ თამბაქოს ბაზარს ისინიც სწავლობენ, რისთვისაც ბაზრის მონიტორინგი უკვე დაწყებულია.

ჯარიმას ფილიპ მორის საქართველო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. კომპანია საქმის დამატებით დეტალებს სასამართლოს მიერ დასაბუთების გამოქვეყნების შემდგომ გაახმაურებს.

"ფილიპ მორის საქართველო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ 2017 წლის 10 თებერვალს გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ჩვენ გვესმის, რომ აღნიშნილი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ჩვენ უმკაცრესად დავიცავთ ჩვენს პოზიციას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს ჯერ არ გამოუცია საბოლოო გადაწყვეტილების ტექსტი, ჩვენ ამჟამად ვერ გავაკეთებთ დამატებით კომენტარს საქმის დეტალებთან დაკავშირებით.

ჩვენ გვჯერა, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები განიხილავენ ჩვენს საქმეს და ჩვენს პოზიციას გაიზიარებენ, რათა ფილიპ მორისმა გააგრძელოს საქართველოს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა, რასაც უკვე 20 წელია კომპანია წარმატებით ახორციელებს, ის ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორიცაა", - წერია ფილიპ მორისის განცხადებაში.

ამ დროისთვის დავის დამატებითი დეტალები უცნობია.

კომენტარები