გიორგი მამალაძის საქმე

ექიმი მამალაძეზე: გულის შეტევა გამოირიცხა, გრძელდება გამოკვლევები

ტაბულა

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე ჩაფიძის გულის კლინიკაში რჩება. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის თქმით, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას დამატებითი გამოკვლევები უტარდება.

"16 საათია, რაც პაციენტი შემოსულია კლინიკაში, ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ტარდება აუცილებელი კვლევები, კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტის მიერ. ამჟამად გულის, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა მედიაში, გამოირიცხა, გრძელდება მკურნალობა და კვლევები პროტოკოლის მიხედვით. ჯერჯერობით, რჩება კლინიკაში, ჩატარდება ყველა აუცილებელი კვლევა, მათი უმეტესობა მოითხოვს დროს, 24 საათის განმავლობაში გრძელდება ზოგი გამოკვლევა, როცა ყველა მონაცემი გაანალიზდება, მას შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მკურნალობის რა ფორმა სჭირდება" - განაცხადა ლაზარაშვილმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის გულის კლინიკაში გუშინ საღამოს, გონების დაკარგვის დიაგნოზით გადაიყვანეს.

პროკურატურამ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

ორი დღის წინ, საქართველოს მთავარ პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა - პატრიარქის. 

კომენტარები