საყოველთაო ჯანდაცვა

ჭიაბერაშვილი: სერგეენკოს გადაწყვეტილება სადაზღვევოებსაც აზარალებს და ბიუჯეტსაც

ტაბულა

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 9 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლითაც გაიმიჯნება საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო დაზღვევის პაკეტები. პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ცვლილება ბიუჯეტის ხარჯების შემცირებისკენ არის მიმართული, ის ამ შედეგს ვერ გამოიღებს, პარალელურად კი სადაზღვევო ბიზნესსაც დააზარალებს.

დადგენილების მიხედვით, ის პირები, ვინც 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ნებისმიერი ტიპის კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობს, პირველი მარტიდან ავტომატურად ამოვარდებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. მეტიც, ეს ადამიანები პროგრამას ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დატოვებენ. 

"ჯანდაცვის მინისტრის 3 წლის წინანდელმა ანალოგიურმა გადაწყვეტილებამ უკვე დააზარალა 115,000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც 2014 წლიდან ვერც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით სარგებლობს და ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბაზისური პაკეტით.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, კერძო დაზღვევა 20-30%-ით გაძვირდება, რომელიც ისედაც გაორმაგებულია 2013 წლის შემდეგ. მის ყიდვას, მით უმეტეს, შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, უფრო და უფრო ნაკლები მოქალაქე შეძლებს. ამიტომ კერძო დაზღვეულთა რიცხვი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ არ გაზრდილა, შემცირდება. ამ გადაწყვეტილებით ფინანსური პრობლემების წინაშე დგება სადაზღვევო ინდუსტრიაც და ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის თანხების დაზოგვა მოხდება, რასაც ვითომდა ესწრაფვის ჯანდაცვის მინისტრი.

ამ მდგომარეობაში გამოსავალი შემდეგია: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფარული მოქალაქეების (ნაწილის მაინც) ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სახელმწიფო დაფინანსებით და ჯანდაცვის სამინისტროს მკაფიო და გამჭვირვალე კონტროლით, უნდა გადავიდეს სადაზღვევო კომპანიების ხელში", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტით დაახლოებით 550 ათასი ადამიანი სარგებლობს, აქედან 400 ათასი - სრული პაკეტით, 150 ათასს კი შერეული ტიპის, ეგრეთ წოდებული დაშენებული სისტემის სადაზღვევო პაკეტები აქვს. ცვლილებების შედეგად სწორედ ეს 150 ათასი ადამიანი დაზარალდება, რადგანაც ამ ტიპის კერძო სადაზღვევო პაკეტი ნაწილობრივია და ბენეფიციარი მას საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტთან ერთად იყენებს. 

"შერეული ტიპის" სადაზღვევო პროგრამები იმ ტიპის ჯანდაცვის პაკეტებია, რომლებიც ფარავენ სერვისებს, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულად არ აფინანსებს (ამბულატორიული მკურნალობა, მედიკამენტები, სტომატოლოგია და სხვა). ეს დაზღვეულები პირველი მარტის შემდეგ დარჩებიან კატასტროფული ხარჯების დაფინანსების გარეშე, რომლებიც მაგალითად დაკავშირებულია ჰოსპიტალურ და ონკოლოგიურ სამედიცინო სერვისებთან. არსებული მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მეტ-ნაკლებად სრულად ფარავს მსგავსი ტიპის ხარჯებს. შესაბამისად, პირველი მარტის შემდგომ, 150 ათასი ადამიანი ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზისური ნაწილის გარეშე დარჩება.

დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციაში აპროტესტებენ და მის შეჩერებას მოითხოვენ.

კომენტარები