მაღალიერარქის მოწამვლის მცდელობაში ბრალდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე, 2008 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, უკრაინაში, დონეცკის ეპარქიაში გაიგზავნა. დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტის ილარიონის ომოფორ ქვეშ, ის დონეცკში მცხოვრები ქართველების სულიერ წინამძღვრად დაინიშნა.
რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი, 2008 წელს წერდა, რომ "დღეს მართლმადიდებელი ქართველები აქტიურად იღებენ მონაწილეობას დონეცკში, წმიდა მოწამე ბონიფაციუსის სახელობის ტაძრის მშენებლობაში, რომლის ქვედა ტაძარი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს სახელობისაა. ცოტა ხნის წინ, ქართველებმა მიმართეს იერარქიას და ითხოვნეს სულიერი წინამძღოლი, რომელთაც იცის მათი ენა და ეროვნული ტრადიციები.
მღვდელმა გიორგი მამალაძემ, რომელიც ახლა დონეცკის ეპარქიის მღვდელმსახურია, დაამთავრა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის ეპარქიის სემინარია. ხელდასხმულ იქნა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის მიერ, მსახურებდა ქალაქ ქობულეთში, სადაც მღვდელმსახურებასთან ერთად ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში ასწავლიდა ეკლესიის ისტორიასა და ლიტურგიკას", - ნათქვამი იყო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ განცხადებაში.
პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
პროკურატურის განცხადებით: "გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.
როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.
2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -"ნატრიუმის ციანიდი", - განაცხადეს პროკურატურაში.





