კანონი ფარული მოსმენების შესახებ

ფარული მოსმენების ახალ ორგანოს მობილური ოპერატორების დაჯარიმება შეეძლება

Innovation Village

საქართველოს პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ქვეყანაში ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი უწყება "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. კანონპროექტის მიხედვით, უწყებას ქვეყანაში მოქმედი მობილური ოპერატორების აუდირების და მათი 200 ათას ლარამდე დაჯარიმების უფლებაც ექნება. მეტიც, თუ მობილური კომპანია (ე.წ. ავტორიზებული პირი) ზედიზედ ოთხჯერ დაჯარიმდა, მას საქმიანობის უფლება ჩამოერთმევა. 

მობილური ოპერატორები ახალი სააგენტოს მიერ იმ შემთხვევაში შემოწმდებიან, თუ ისინი სააგენტოს მოთხოვნილ ტექნიკურ დახმარებას არ გაუწევენ. საქმე ეხება სააგენტოს მიერ მოთხოვნილ წვდომას კონკრეტული პირების პერსონალურ მონაცემებზე.

ახალი უწყება იურიდიულად სუს-ის დაქვემდებარებაში იქნება. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უწყება დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტით ისარგებლებს, მისი მუშაობის სქემა კი ასე გამოიყურება:

"სააგენტო უფლებამოსილი ორგანოს მომართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციისა და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვების მიზნით განახორციელებს ღონისძიებებს, რომლებიც უკავშირდება სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებას, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებას, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრას, საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლს, ფარულ აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერას, ფოტო გადაღებას, ინდივიდუალურ და სტრატეგიულ მონიტორინგს", - წერია კანონის განმარტებით ბარათში.

კანონის მიხედვით, ახალი სააგენტოს ტექნოლოგიებით აღჭურვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება:

  • გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის -  15 მილიონი ლარი
  • სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების ტექნიკური და პროგრამული საშუალებების შეძენა - 3 მილიონი ლარი
  • ადმინისტრაციული შენობა, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობა - 15 მილიონი ლარი
  • სააგენტოში ახალი ადმინისტრაციული ერთეულების უზრუნველყოფა - 0.8 მილიონი ლარი
  • 2019 წელს დაახლოებით - 1.3 მილიონი ლარი

მოსმენების ახალი უწყების შექმნა 2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გახდა საჭირო. რადგანაც ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადების განხორციელების არსებული საკანონმდებლო ნორმები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ვალდებული გახდა, ახალი კანონი შეემუშავებინა.

კომენტარები