საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზმაუს სტრატეგიული განვითარების ცენტრის დირექტორის პოსტს პაატა ქურდაძე დაიკავებს

GDS

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობას მწერალი პაატა ქურდაძე დაიკავებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმაზე - 2017-2019 გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა“ - მისმა გუნდმა იმუშავა, რომელსაც ქურდაძეც დაემატა.

"ორი-სამი დღის წინ, პაატა ქურდაძემ გვითხრა საბოლოო თანხმობა და ის არის ერთ-ერთი თანაავტორი ამ გეგმისა. პაატა ქურდაძე დაიკავებს სტრატეგიული მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობას“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ GPB-ის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა დღეს წარმოადგინა. მისი თქმით, "თუ საზოგადოების თანხმობა იქნება, ვგეგმავთ მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერებას (საინფორმაციო გამოშვებების გარდა), თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაციას; გამოთავისუფლებული თანხების მიმართვას მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად; მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლას".

კომენტარები