საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

ლე პენი გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირისა და NATO-ს დატოვებას გეგმავს

AP

საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო და ამომრჩეველს გლობალიზაციის, ისლამური ფუნდამენტალიზმისა და ევროკავშირის "ტირანიისგან" გათავისუფლებას დაჰპირდა.

ლე პენის გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თუ ევროკავშირი საერთო ვალუტისა და თავისუფალი საზღვრების გაუქმებას არ დათანხმდება, საფრანგეთი ევროზონას დატოვებს და ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმი ჩატარდება.

"თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, ექვსი თვის განმავლობაში რეფერენდუმს ჩავატარებ საფრანგეთის ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე", - აღნიშნა ლე პენმა. 

ულტრამემარჯვენე ლე პენი იმასაც ამბობს, რომ სავარაუდოდ, მისი არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი NATO-საც დატოვებს და "საკუთარ თავდაცვის სისტემას მიხედავს".

ისლამურ ფუნდამენტალიზმთან დაკავშირებით ლე პენმა თქვა, რომ ეს ის "უღელია", რომლითაც საფრანგეთს ცხოვრება აღარ შეუძლია. ლე პენის თქმით, მუსლიმური პირბადეები, მეჩეთები და ქუჩის მლოცველები კულტურული საფრთხეა, რომელთა "მიღება არცერთ ღირსეულ ფრანგს არ შეუძლია".

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება, სადაც ოთხი მთავარი კანდიდატი - რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი, ნაციონალისტი მარინ ლე პენი, სოციალისტი ბენუა ამონი და პარტია En Marche!-ს ლიდერი ემანუელ მაკრონი იქნებიან, რომელიც უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით საფრანგეთის პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად მოიაზრება.

კომენტარები