ომბუდსმენის განცხადება

ომბუდსმენი შაჰინის სკოლაზე: გაუგებარი იყო ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებას გამოეხმაურა. ომბუდსმენის თქმით, მისთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარი იყო. ის მიიჩნევს, რომ პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს.

"ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცოტა არ იყოს, გაუგებარი იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ადგილი ჰქონდა. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. მით უმეტეს, როდესაც თვეების წინ ამაზე არაერთხელ იყო საუბარი, მათ შორის განათლების მინისტრის მხრიდან, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც მეზობელ ქვეყანაში ხდება, არ უნდა აისახოს ქვეყანაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებიც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით არიან დარეგისტრირებული, აქვთ ლიცენზია და მოქმედებენ შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით", - ამბობს ნანუაშვილი.

ომბუდსმენის თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უნდა დასაბუთდეს, თუ რატომ გაუუქმდა ავტორიზაცია შაჰინის სკოლას.

განათლების სამინისტროს ცნობით, კერძო სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების მიზეზი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებია.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრში ამბობენ, რომ სკოლაში ბავშვების ჩარიცხვებთან დაკავშირებით კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევები გამოიკვეთა. კერძო სკოლის დირექცია და პედაგოგები ავტორიზაციის გაუქმებას არ ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ მათ სკოლაში დარღვევები არ ყოფილა. 

სკოლის დირექტორის ელგუჯა დავითიძის ინფორმაციით, სკოლაში შემოწმება სამჯერ ჩატარდა, თუმცა ამ შემოწმებებს არცერთი გაფრთხილება არ მოჰყოლია.

ავტორიზაციის გაუქმების გამო მოსწავლეები სხვა სკოლებში უნდა გადანაწილდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა, იასინ თემიზქანმა, თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შეფასებისას თქვა, რომ ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

"ეს ხალხი საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით იმაგრებს, ზრდიან თაობებს, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები, ერთ-ერთი შაჰინის სკოლა-ლიცეუმია. მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ნუ გაუშვებთ ბავშვებს ამ სკოლაში. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციის სკოლები დაიხუროს", - განაცხადა თემიზქანმა "ტელეარხ 25"-თან საუბრისას. 

კონსულის მაშინდელი განცხადებით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეთულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით, გულენს კი, თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯიფ თაიფ ერდოღანი, გადატრიალების მცდელობის მთავარ ავტორად ასახელებს. 

ორი დღის შემდეგ ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, რომლის ცნობითაც, თურქეთის ელჩმა განმარტა, რომ "ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები მედიაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული".

კომენტარები