ომბუდსმენის განცხადება

ომბუდსმენი რ2-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლაზე: მნიშვნელოვანია ჩატარდეს გამოძიება

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი ნანუაშვილი რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ჩატარება მნიშვნელოვანია.

უჩა ნანუაშვილის თქმით, არსებობს "საკმარისი შესაძლებლობა" იმისთვის, რომ ეს ფაქტები გადამოწმდეს, რადგან, მისი თქმით, დაზარალებულთა სია ცნობილია.

"მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდეს გამოძიება და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ბოლო დღეებში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის, მედიითაც, რომელიც მოსამართლეებთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციას ეხება. მე ვფიქრობ, სავსებით არის საკმარისი შესაძლებლობა იმის, რომ მოხდეს გადამოწმება, რამდენად მოხდა, თუნდაც კონკრეტულად, როდესაც საუბარია ერთ-ერთ მოსამართლეზე, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს იხილავს, რამდენად მოხდა რეალურად იმ კომპენსაციის წესების დაცვა, რომელიც არის საჯარო. დაზარალებულთა სია ცნობილია და გადამოწმების ყოველგვარი საფუძველი არსებობს და აქედან გამომდინარე, ალბათ, უახლოეს დღეებში ჩვენ უნდა ველოდოთ ამომწურავ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ამ საქმეზე გამოირიცხოს კითხვის ნიშნები, რომლებიც ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, არსებობს", - ამბობს ომბუდსმენი.

ნანუაშვილის თქმით, გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესისა, მნიშვნელოვანია გამოძიების დეტალების გასაჯაროება. 

"მე არ ვიცი კონკრეტულად, რაზეა საუბარი. მე ვფიქრობ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, ალბათ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით", - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს კოლეგიაში განიხილავდნენ და შემდგომ საქმე დიდ პალატას გადასცეს, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 14 იანვარს მიმართეს. საქმეზე დაიწყო გამოძიება.

კომენტარები