საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაღლაფერიძე: გთავაზობთ, საინფორმაციოს გარდა, ყველა გადაცემა შევაჩეროთ

2030

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გეგმით, მაუწყებელზე ყველა გადაცემა, საინფორმაციო გამოშვებების გარდა, შეჩერდება. მისივე შემოთავაზებით, მოხდება თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაციაც, თუმცა მაღლაფერიძემ პრესკონფერენციის დაწყებისას თქვა, რომ არავის გათავისუფლებას და გადაცემების დახურვას არ აპირებს.

"ჩვენ არ ვიღებთ არანაირ გადაწყვეტილებას, ჩვენ გამოგვაქვს შემოთავაზება. ეს არის საექსპერტო შემოთავაზება იმიტომ, რომ ჩვენ სხვა თანხა არ გვაქვს. თუ საზოგადოების თანხმობა იქნება, ვგეგმავთ მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერებას (საინფორმაციო გამოშვებების გარდა), თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაციას; გამოთავისუფლებული თანხების მიმართვას მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად; მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლას", - თქვა მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძის თქმით, 2017 წელს ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება დაახლოებით 15 მილიონი ლარი, "ცხადია, გააჩნია, როდის იქნება გადაწყვეტილება საზოგადოების მსჯელობის შედეგად მიღებული". როგორც მაღლაფერიძე ამბობს, 2017-19 წლებში ახალ შენობაზე, რეგიონულ ოფისებზე, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე, არქივის გაციფრვაზე დაახლოებით 45 მილიონი ლარი დაიხარჯება.

"თუ საზოგადოების თანხმობა იქნება, ტექნიკურ გადაიარაღებას დავიწყებთ, 2017 წლის ბოლოს დასრულდება ერთი ეტაპი და შეგვეძლება გადაცემების შემოტანა თანდათან, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე", - თქვა მაღლაფერიძემ.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენტრალური ბიუჯეტი 46.4 მილიონი ლარით დააფინანსებს. ეს 2016 წელთან შედარებით, 2.4 მილიონი ლარით, 2015 წელთან შედარებით კი 5 მილიონით მეტია. შედარებისთვის, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ამაზე 11 მილიონით ნაკლებია და 35 მილიონს შეადგენს.

დახარჯული თანხის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი დაბალია, TVMR-ის მონაცემებით, იანვრის ბოლო კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 3.3% იყო. შედარებისთვის - რუსთავი 2-ის რეიტინგი 28.9%, იმედის რეიტინგი კი 26.5% იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებისგან არ შედგება, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია სხვა შემოსავლების მიღებაც, რაც 2017 წლისთვის 1.5 მილიონითაა განსაზღვრული.

კომენტარები