საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაღლაფერიძე: ვიღაცის მოხსნას ან რაღაცების დახურვას არ ვაპირებთ

2030

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ის არავის გათავისუფლებას და გადაცემების დახურვას არ აპირებს. მაღლაფერიძემ მაუწყებლის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"დასაწყისშივე მინდა, მოვსხიპო ის აჟიოტაჟი, რომ თითქოს ვიღაცის მოხსნას, ან თითქოს რაღაცების დახურვას ვაპირებთ - ასეთი არც განზრახვა გვაქვს, არც სურვილი და, რაც მთავარია, კანონმდებლობიდან გამომდინარე, არც ამის უფლებამოსილება. ყველას ვთხოვ, ამ წუთიდან, ამ თემაზე სპეკულაცია დავამთავროთ", - თქვა მაღლაფერიძემ.

3 თებერვალს მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ტელევიზიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა რეალური სივრცის დახურვის შესახებ. კოალიციის ცნობით, ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენტრალური ბიუჯეტი 46.4 მილიონი ლარით დააფინანსებს. ეს 2016 წელთან შედარებით, 2.4 მილიონი ლარით, 2015 წელთან შედარებით კი 5 მილიონით მეტია. შედარებისთვის, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ამაზე 11 მილიონით ნაკლებია და 35 მილიონს შეადგენს.

დახარჯული თანხის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი დაბალია, TVMR-ის მონაცემებით, იანვრის ბოლო კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 3.3% იყო. შედარებისთვის - რუსთავი 2-ის რეიტინგი 28.9%, იმედის რეიტინგი კი 26.5% იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებისგან არ შედგება, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია სხვა შემოსავლების მიღებაც, რაც 2017 წლისთვის 1.5 მილიონითაა განსაზღვრული.

კომენტარები