საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის ჩვენი ქვეყნის დაფასება და აღიარება

საქართველოს საპატრიარქო

"მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისა. ეს არის ჩვენი ქვეყნის დაფასება და აღიარება, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული გამოცდაც, " - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს საპატრიარქომ ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღება. 

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხალხმა უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ევროსივრცეში ღირსეულად წარმოაჩინოს თავი, რადგან "ყოველი ჩვენი ქმედება მეტყველებს როგორც ჩვენს პიროვნებაზე, ისე ჩვენს სამშობლოზე".

"ჩვენი ვალია ისიც, რომ ვეცადოთ, არამარტო ჩვენ შევითვისოთ და გამოვიყენოთ ის ღირებული, რითაც ხასიათდება ეს გარემო, არამედ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მის განვითარებაში; ეს კი შესაძლებელი იქნება, თუ ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიასა და ტრადიციებს გავაცნობთ და გავუზიარებთ ევროპას.

ასე რომ, ასპარეზი დიდია და გონივრული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს.

ყველას გილოცავთ ამ მიღწევას და შევთხოვთ ღმერთს, რწმენის სიმტკიცე, მშვიდობა და კეთილდღეობა მოგვმადლოს," - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი გუშინ, 2 თებერვალს დაუჭირა. უვიზო რეჟიმით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები გაზაფხულიდან შეძლებენ. ვიზის გარეშე მოგზაურობა მათ ევროკავშირის 26 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანაში შეეძლებათ.

კომენტარები