ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბიბილაშვილი: რ2-ის გადარჩენა ქართველი ხალხის და თანამეგობრობის ხელშია

ტაბულა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების საქმიანობაში შესაძლო ჩარევას გამოეხმაურა. ენმ-ის წევრის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ასეთი ტიპის სკანდალი საქართველოში პირველად ხდება. 

"ეს არის პირველი ასეთი ტიპის სკანდალი, რომელიც საქართველოს ახსოვს - როდესაც უზენაესის მოსამართლეები თავად აცხადებენ და საუბრობენ იმ ზეწოლაზე, რომელიც მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს. ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან ივანიშვილის ხელისუფლება პირველივე დღიდან აკეთებს ყველაფერს, რომ ხელში ჩაიგდოს არა მხოლოდ თავისუფალი მედია, არამედ მთლიანად დაანგრიოს და დაეპატრონოს სასამართლო ხელისუფლებასაც", - ამბობს ბიბილაშვილი.

ბიბილაშვილის თქმით, ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და თვლის, რომ რუსთავი 2-ის გადარჩენა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასა და ქართველ ხალხს შეუძლია.

"მე პირადად, მთლიანად უნდობლობას ვუცხადებ გამოძიებას, რადგან ამ წლების განმავლობაში არცერთი საკითხი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, დამაჯერებლად არ ყოფილა გამოძიებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქედან გამომდინარე, რუსთავი 2-ის გადარჩენა არის არა გამოძიების ხელში (ვინაიდან, ისინი საკუთარ თავს, ბუნებრივია, არ გამოიძიებენ), არამედ ქართველი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის ხელში", - განმარტავს ზაზა ბიბილაშვილი.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს კოლეგიაში განიხილავდნენ და შემდგომ საქმე დიდ პალატას გადასცეს, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 14 იანვარს მიმართეს. საქმეზე დაიწყო გამოძიება.

კომენტარები