ვიზალიბერალიზაცია

პრემიერი: დღევანდელი წარმატება წლების განმავლობაში გაწეული შრომის დიდი შედეგია

facebook.com/KvirikashviliOfficial

"დღევანდელი წარმატება არის დიდი შედეგი წლების განმავლობაში გაწეული შრომის და ეს შრომა დღეს არ დასრულებულა", - საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე ევროპარლამენტში დღეს დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა.

"დღეს მართლაც არის ისტორიული დღე. დღეს ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს მოქალქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლებას. დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ევროკავშირის საქართველოსადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის. 

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება საქართველოს სასარგებლო და ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც არიან ევროპარლამენტში, საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე და მადლობა გადაუხადა ყველა ევროპარლამენტარს, რომელიც დღევანდელ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.

"ასევე, მინდა, ყველა საჯარო მოხელეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ძალიან დიდი წარმატების შენებაში, გადავუხადო უდიდესი მადლობა. მადლობა გადავუხადო ასევე საქართველოს პარლამენტს, და ყველას, ვინც ამ ძალიან შრომატევადი პროცესის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა და დღეს მართლაც დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის.

დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე იქნება იმის დასტური, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგს და ნაყოფს საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში. ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც გადაწყვეტენ გამგზავრებას", - თქვა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის.

"მე მინდა, მათაც ასევე მივულოცო ეს უდიდესი წარმატება. დღევანდელი წარმატება არის დიდი შედეგი წლების განმავლობაში გაწეული შრომის და ეს შრომა დღეს არ დასრულებულა. ჩვენ წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გველის დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის მიმართულებით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნამდვილი წევრი, და უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს მოქალაქეების უკეთესი ყოფის შენებას", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრა დღეს გაიმართება.

ცნობისთვის, 12 იანვარს ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას 42-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1 კი კენჭისყრას არ დაესწრო.

კომენტარები