უბედური შემთხვევა

სოციალური მომსახურების სააგენტო: გარდაცვლილი დედა-შვილი სოციალურ შემწეობას იღებდა

სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დედა-შვილი, რომელიც ბათუმში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს სოციალურ შემწეობას იღებდა და ამავდროულად ელექტროენერგიის თანადაფინანსების სუბსიდიითაც სარგებლობდა.

"ოჯახი 2006 წლიდან ფიქსირდებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მუდმივად იყო საარსებო შემწეობის მიმღები. მათ საარსებო შემწეობის თანხა 2017 წლის იანვარშიც ჩაერიცხათ. ოჯახში რეგისტრირებულია 3 პირი - 78 წლის ქალბატონი და მისი 2 ვაჟი ( 53-51 წლის პირები). შვილებს ჰქონდათ შშმ პირის სტატუსი. ერთს მკვეთრად გამოხატული შშმპ -ს სტატუსი და მეორეს მნიშვნელოვნად გამოხატული შშმპ-ს სტატუსი. ორივე მათგანი იღებდა შესაბამის პენსიას – 180 და 100 ლარს. ჯამში ოჯახს ყოველთვიურად ერიცხებოდა 616 ლარი. ერთ-ერთი შვილი ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება და სახელმწიფო აფინანსებს მის მკურნალობას.

აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახი სარგებლობდა სოციალურად დაუცველთათვის არსებული ყველა პროგრამით, მათ შორის გახარჯული ელექტროენერგიის თანხის სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროგრამით.

დედა-შვილი გორგაძეების გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გახდება ცნობილი", - წერია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიას ენერგო-პრო ჯორჯიაში დაუდასტურეს, რომ მისამართზე, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, ელექტროენერგიის მიწოდება 26 იანვრიდან შეწყდა.

საქმეზე ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები