მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

ხოშტარია ქარდავაზე: ასეთი ადამიანები ვეღარასდროს იქნებიან ჩვენს გუნდში

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 2012 წლამდე ციხეებში არსებული ვითარება ნამდვილად იყო სისტემური ჩავარდნა და ამაზე პასუხისმგებელია ყველა, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყო.

ასე ეხმაურება დეპუტატი შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას განცხადების იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეებში სისტემური დანაშაული არ ხდებოდა და ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, რაც სისტემურ პრობლემად წინა ხელისუფლების „ერთმა ჯგუფმა“ აღიარა.

"ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რაც იყო იმ პერიოდში. ცხადია, რომ ისეთი ტიპის ადამიანები ვეღარასდროს იქნებიან ჩვენს გუნდში და არასდროს უნდა იყვნენ სახელმწიფო სამსახურში, რომლებიც არათუ დაკავშირებულნი იყვნენ ჩავარდნასთან, ცდილობენ ეს გაამართლონ ასეთი აგრესიული ფორმით. მეორე მხარე არის ის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ არათუ არ გასცა კითხვებს პასუხი, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და ბევრი ადამიანი, რომელიც იყო ამაში ჩართული, არც დაუსჯია. ჩვენი ამოცანაა ეს კარგად გააზრებული გაკვეთილი ჩვენი წარსულიდან გამოვიტანოთ და ავაშენოთ სახელმწიფო, რომელიც რა თქმა უნდა ებრძვის კრიმინალს და არის ძლიერი, მაგრამ არის დაფუძნებული ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ ფასეულობებზე. არასდროს სახელმწიფო აღარ უნდა იყოს საფრთხე ადამიანისთვის არც ციხეში და არც მის გარეთ“, - აცხადებს ხოშტარია ტაბულასთან საუბარში.

შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსან მეგის ქარდავასთან ინტერვიუ აფხაზეთის ხმამ გუშინ, 31 იანვარს გამოაქვეყნა. ქარდავა მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე, მათ შორის ციხის კადრებზე და ე.წ. კასრების საქმეზე საუბრობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ნიკა რურუა აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ "ასეთ ინტერვიუებს არ კითხულობს".

ტაბულა ესაუბრა ენმ-ის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ნუგზარ წიკლაურს. მისი თქმით, ინტერვიუ არ წაუკითხავს და არ იცის დღეს წაიკითხავს თუ არა.

რაც შეეხება პარტიის სხვა წევრებს, ტაბულა ცდილობს მათთან დაკავშირებას.

კომენტარები