ტურიზმი

საქართველოს სასტუმროებში სულ 57 ათასი საწოლი ადგილია

სასტუმრო ბილტმორ თბილისი
facebook.com/pg/BiltmoreTbilisi

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სულ 1.765 სასტუმროა რეგისტრირებული, სადაც ჯამში 57 ათასი საწოლი ადგილია. ანგარიშის მიხედვით, საწოლი ადგილების 26% თბილისზე, 20% კი აჭარის რეგიონზე მოდის. ჯამში, გასული წლის მანძილზე ქვეყანას 3.1 ათასი ახალი საწოლი ადგილი შეემატა.

საწოლი ადგილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

  1. თბილისი - 14.837 საწოლი ადგილი
  2. აჭარა - 11.615 საწოლი ადგილი
  3. სამცხე-ჯავახეთი - 8.145 საწოლი ადგილი
  4. იმერეთი - 5.078 საწოლი ადგილი
  5. მცხეთა-მთიანეთი- 4.799 საწოლი ადგილი
  6. გურია - 4.405 საწოლი ადგილი
  7. კახეთი - 3.101 საწოლი ადგილი
  8. სამეგრელო ზემო სვანეთი - 3.042 საწოლი ადგილი
  9. რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 1.272 საწოლი ადგილი
  10. ქვემო ქართლი -  555 საწოლი ადგილი
  11. შიდა ქართლი - 200

2016 წლის მანძილზე საქართველოში 6.35 მილიონზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია. ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, მოწინავე ადგილებს რეგიონის ქვეყნები იკავებენ. 2016 წელს განსაკუთრებით მაღალი ტემპით, 485%-ით, გაიზარდა ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რაც საქართველოს მიერ სავიზო რეგულაციების გაუქმებას უკავშირდება. ასევე მაღალი ტემპით - 55% გაიზარდა ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა.

ამ 6.3 მილიონი ვიზიტორიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 2.7 მილიონი უცხოეთის მოქალაქე დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

2016 წლის მანძილზე საქართველოში რეგისტრირებული ვიზიტების 81% საავტომობილო ტრანსპორტზე მოდიოდა, საჰაერო ტრანსპორტზე - 17%, სარკინიგზოზე -1%, საზღვაოზე - 1%.

ეროვნული ბანკის გათვლებით, წლის პირველ სამ კვარტალში, ტურისტებმა საქართველოში $1.68 მილიარდი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია.

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო.

კომენტარები