თავისუფლების აქტი

ჟორჟოლიანი: გადასახადების ზრდისთვის რეფერენდუმი აღარ უნდა ტარდებოდეს

გია ჟორჟოლიანი
ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის თქმით, ქვეყანაში გადასახადების ზრდისთვის რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს. ჟორჟოლიანის თქმით, შესაბამისი ინიციატივით, მისმა ფრაქციამ "სოციალ დემოკრატებმა" საკონსტიტუციო კომისიას უკვე მიმართეს.

"კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი რადიკალურად ასუსტებს სახელმწიფოს, პარლამენტს არ აძლევს შესაძლებლობას, წარმომადგენლობითი ფუნქცია შეასრულოს და ზღუდავს სახელმწიფოს, განსაზღვროს პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და უზრუნველყოს ის შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსებით. ჩვენ 55 განვითარებული, მათ შორის ევროპული ქვეყნების კონსტიტუციები განვიხილეთ. ასეთი ჩანაწერი არსად არ არის. გადასახადების თაობაზე განსაზღვრულია, რომ ამას პარლამენტი ან მთავრობა ახორციელებს და არსად წერია, რომ ეს რეფერენდუმით უნდა განხორციელდეს", - ამბობს ჟორჟოლიანი.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის.

ეს კანონი ასევე მთავრობას ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობა თავისუფლების აქტს გააუქმებს, ამას სავარაუდოდ გადასახადების ზრდა მოჰყვება.

კომენტარები