უკანონო ნადირობა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

browning-blog.eu

ბოლნისის მუნიციპალიტეტში შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ სამწვერისის ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანის საბარგულში აღმოჩნდა გატყავებული და დანაწევრებული ორი შველი. ექსპერტიზამ, რომელიც ხორციდან აღებულ ნიმუშებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიაში ჩაუტარდა, დაადასტურა, რომ გადაგზავნილი ორი ნიმუში შვლის ინდივიდს მიეკუთვნება.

"სამართალდამრღვევებმა მიმალვა შეძლეს, თუმცა, მანქანაში ნაპოვნი მართვის მოწმობისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოხერხდა მძღოლისა და უკანონო ნადირობში მონაწილე სხვა პირების ვინაობის დადგენა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს და დალუქეს", - ნათქვამია განცხადებაში.  

გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 10 000 ლარი შეადგინა. 

"ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები