საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

ფიიონი: საქართველო და უკრაინა NATO-სა და ევროკავშირის წევრობას არ იმსახურებენ

ფრანსუა ფიიონი
Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა, ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა NATO-სა და ევროკავშირის წევრობას არ იმსახურებენ.

ფიოონის თქმით, იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებსაც საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება სურთ, უპასუხისმგებლოა.

"თქვენ უბრალოდ უნდა აღიაროთ, რომ უკრაინა და საქართველო არ არიან მზად ევროკავშირსა ან NATO-ში შესასვლელად", - თქვა ფიიონმა.

ფიოონის თქმით, რუსეთთან ურთიერთობა ევროპის მომავლისთვის სტრატეგიული საკითხია და ის უნდა აღდგეს.

"რუსეთი არის ქვეყანა დემოკრატიული ტრადიციების გარეშე. ქვეყანა, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი. არსებობს ორი გზა: ჩვენ ან ვცდილობთ რუსეთთან შეთანხმების მიღწევას, ან ვეწინააღმდეგებით. ვის შეიძლება სურდეს რუსეთთან კონფლიქტი?", - თქვა ფიიონმა.

ფიიონის თქმით, დასავლეთმა რუსეთთან მიმართებით ბევრი შეცდომა დაუშვა და აუცილებელია, ევროპამ სცადოს რუსეთის შესაბამის ადგილზე დაბრუნება.

ფიიონის აზრით, აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც განაპირობებს NATO-ს პოლიტიკასაც, არ არის ეფექტური ისლამური ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. მისი აზრით, უნდა შეიქმნას ევროპული თავდაცვის ალიანსიც.

"აშშ-მ დაუშვა შეცდომები შუა აღმოსავლეთში. ისინი ნაწილობრივ არიან პასუხისმგებლები იქ შექმნილ სიტუაციაზე. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა ტრამპი, ევროპამ აუცილებლად უნდა შექმნას საკუთარი თავდაცვის ალიანსი", - აღნიშნა ფიიონმა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება, სადაც სამი მთავარი კანდიდატი - ფრანსუა ფიიონი, მარინ ლე პენი და ამონსა და ვალსს შორის გამარჯვებული - იქნება.

კომენტარები