ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, შემცირდა მათი რიცხვი, ვისთვისაც მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი. NDI-ის ცნობით, გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ მათთვის მისაღებია NATO-ში გაწევრიანება, ხოლო 25%-სთვის მიუღებელი. ამასთან, ქართული ოცნების შეხედულებებთან ახლოს მყოფთა 60%-ია NATO-ში გაწევრიანების მსურველი, ხოლო ენმ-ის შეხედულებებთან ახლოს მყოფთა - 79%.
აღსანიშნავია, რომ წინა კვლევებთან შედარებით, NATO-ში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი შემცირებულია. კერძოდ. 2016 წლის ივლისში 64%-სთვის იყო მისაღები NATO-ს წევრობა, 2016 წლის მარტში კი, 68%-სთვის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
ცდომილების ზღვარია +-1.8%.





