საპარლამენტო უმცირესობა გაზპრომთან დაკავშირებით კალაძეს პარლამენტში იბარებს

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობა გაზპრომთან ახალი ხელშეკრულების პირობების გამო ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ გიგი წერეთელმა ისაუბრა.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის თქმით, ტრანზიტის საფასური კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა, ის იმ უფასო 10%-ზე ნაკლებია, რასაც ქვეყანა ძველი კონტრაქტის შედეგად იღებდა. კახა კალაძე კი ფიქრობს, რომ ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა, მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები