აშშ-რუსეთის ურთიერთობა

CNN: შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურები ტრამპის შესახებ კომპრომატებს ფლობდნენ

Reuters

CNN-ის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ კომპრომატებს ფლობდნენ, მათ შორის, პირად ცხოვრებასა და ფინანსებთან დაკავშირებით.

მათი ცნობით, გასულ კვირაში ინფორმაცია აშშ-ის უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურებმა, თავად დონალდ ტრამპსა და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიაწოდეს.

არხი ინფორმაციას რამდენიმე სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელთა შორის არიან კონგრესისა და უშიშროების სამსახურების მაღალჩინოსნები. მათი ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა შეხვედრაზე 35-გვერდიანი საიდუმლო ანგარიშის ორგვერდიანი მიმოხილვა წარმოადგინეს.

CNN-ის მიღებული ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებმა დონალდ ტრამპზე კომპრომატები მისი მოსკოვში 5-დღიანი ვიზიტის დროს მოიპოვეს, მათ შორის, სექსუალური შინაარსის ჩანაწერები.

35-გვერდიანი ანგარიში BuzzFeed-მა გამოაქვეყნა, მისი ავტორი არის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის ყოფილი თანამშრომელია. სწორედ ამ ანგარიშშია საუბარი იმაზე, რომ რუსეთს ტრამპზე კომპრომატები გააჩნია. თუმცა, ანგარიშის ავთენტურობა გადაუმოწმებელია და შესაძლოა მასში იყოს არაზუსტი ფაქტები.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის სპეცსამსახურებს არ აქვთ პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ტრამპის შესახებ კომპრომატებს ფლობს. ისინი ეყრდნობიან ბრიტანეთის დაზვერვის, MI6-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. CNN-ის ინფორმაციით, ამერიკული სპეცსამსახურები MI6-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმის საფუძველზე ეყრდნობიან, რომ მას 1990-იან წლებში რუსეთში მუშაობის გამოცდილება აქვს, ასევე, ევროპაში ფლობს კერძო სადაზვერვო-საგამოძიებო კომპანიას და საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციაზეც მიუწვდება ხელი. თუმცა, რადგან ანგარიშის ავთენტურობა მაინც გადაუმოწმებელია, მისი სრულად გამოქვეყნება ჯერჯერობით მხოლოდ BuzzFeed-მა გარისკა.

არხის ცნობით, საიდუმლო დოკუმენტი ძირითადად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას, ჰაკერულ თავდასხმებს ეხება. CNN-ი წერს, რომ რუსული სპეცსამსახურები მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის შესახებ ფლობდნენ, თუმცა, მათ მხოლოდ კლინტონის მასალების გასაჯაროება გადაწყვიტეს. საუბარია დემოკრატიული პარტიის იმეილების სკანდალზე.

CNN-ის ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის იმ დონორებმა, რომლებიც სხვა კანდიდატებს უჭერდნენ მხარს, ტრამპსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის შესაძლო კავშირზე გამოძიება ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილ თანამშრომელს ჯერ კიდევ გასულ წელს შეუკვეთეს. შემდეგ კი, როდესაც ტრამპი ოფიციალურად აირჩიეს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად, გამოძიების დაფინანსება ჰილარი კლინტონის მხარდამჭერმა დონორებმა გააგრძელეს.

მოვლენებს დონალდ ტრამპი Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა. მისი თქმით, "ადგილი აქვს პოლიტიკურ ნადირობას ჯადოქრებზე".

რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერი სახით ჩარევასა და ჰაკერულ თავდასხმებს ამ დრომდე უარყოფს. დღეს კი, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურები დონალდ ტრამპის შესახებ არანაირ კომპრომატს არ ფლობენ.

კომენტარები