ბიტკოინი

Bitcoin-ის ფასი რეკორდული ტემპით იზრდება, ერთი ბიტკოინი $1127 ღირს

flickr.com

2017 წლის დასაწყისიდან დღემდე კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი 17%-ით გაიზარდა, ამ დროისთვის ერთი ბიტკოინის ღირებულება $1127-ს აღემატება, ბიტკოინის ღირებულება ასეთი მაღალი ბოლოს 2013 წლის ნოემბერში იყო. 2016 წლის მანძილზე ბიტკოინის ღირებულება 126%-ით გაიზარდა. 

რა აძვირებს ბიტკოინს?

ბიტკოინის ფასის ზრდის მნიშვნელოვანი მიზეზი ჩინურ ბაზარზე კრიპტოვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნაა. ბიტკოინმა სწრაფი გამყარება ჩინური იუანის გაუფასურების პარალელურად დაიწყო. არსებული მონაცემებით, პირველი იანვრიდან დღემდე 5 მილიონი ბიტკოინის ღირებულების საფასური გახადილია ჩინურ იუანში, შედარებისთვის - ამავე პერიოდში დოლარში მხოლოდ 53 ათასი ბიტკოინი შეიძინეს. 

ჩინურ ბაზარზე ბიტკოინზე მოთხოვნა სავარაუდოდ არ შემცირდება, რადგანაც მთავარი ფაქტორი, რის გამოც ბიტკოინზე მოთხოვნა გაიზარდა, იუანის გაუფასურებაა, ამ ვალუტის გაუფასურება კი მაღალი ალბათობით წლის მანძილზე კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. ამის მიზეზი აშშ-ში FED-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, რაც მსოფლიოში დოლარის გამყარების მნიშვნელოვანი მიზეზია.

ჩინეთი დახურული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რის გამოც არსებობს რისკი, რომ კაპიტალის გადინების გამო ქვეყანაში კაპიტალზე კონტროლი გამკაცრდეს, ამ ნაბიჯს, მაღალი ალბათობით, ბიტკოინის გაუფასურება მოჰყვება.

რა არის ბიტკოინი

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება. 

ბიტკოინი და მისი გადახდის სისტემა ბლოკჩეინი მსოფლიოში გადახდის სისტემებს ცვლიან. მსხვილი ბანკები უკვე ცდილობენ, რომ საკუთარი გადარიცხვები ბლოკჩეინ სისტემაში გადაიყვანონ, რაც ტრანზაქციების წარმოების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია.

კომენტარები