ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამატებს

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

ეროვნული ბანკი ოფიციალური კურსის გამოთვლაში Bloomberg-ის სისტემაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარიგებებსაც გაითვალისწინებს. აქამდე ოფიციალური კურსი ამ სისტემაში ჩართული 15 კომერციული ბანკის გარიგებებიდან გამოიანგარიშებოდა. ამ დროისთვის Bloomberg-ის სისტემას ოთხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყენებს.

"ბოლო პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში გაზრდილი აქტიურობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის 3 იანვრიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებაში ასევე გაითვალისწინებს კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარიგებებს. დღეისათვის, ბლუმბერგით ოთხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვაჭრობს და მომავალში, სავარაუდოდ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ამავდროულად, ეროვნული ბანკი თავის ვებგვერდზე ოფიციალური კურსების განთავსებას ოთხი ძირითადი ვალუტით იწყებს. მთავარ გვერდზე დოლარისა და ევროს კურსებს, თურქული ლირა და ფუნტი სტერლინგი დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი წარმოადგენს წინა სავაჭრო დღეს, სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო აღრიცხვისათვის და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის", - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ოფიციალური კურსის გამოთვლა Bloomberg-ის სისტემაში დღის მანძილზე არსებული ვაჭრობის საშუალო მაჩვენებლის გამოანგარიშებით ხდება. Bloomberg-ი დღეისთვის მსგავსი ტიპის ვაჭრობის ჩატარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა.

კომენტარები