ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბაქრაძე: ენმ-ში თავი იჩინა პარტიის წევრების ხედვებს შორის განსხვავებებმა

ნეტგაზეთი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავი იჩინა განსხვავებებმა, რომელიც არსებიბს პარტიის წევრების ხედვებს შორის”. ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე დავით ბაქრაძემ რუსთავი ორის ეთერში ისაუბრა. ბაქრაძის თქმით, პარტიის წევრებს შორის, არის რამდენიმე სტრატეგიული და ტაქტიკური განსხვავება, თუმცა, მისთვის აუხსნელია, რატომ მიმდინარეობს ასეთი აგრესიული კამპანია.

“საკითხი, რომ პარლამენტის წევრები აუცილებლად უნდა იყვნენ პოლიტსაბჭოში, არის თუ არა იმდენად დრამატული, რომ მან უნდა გამოიწვიოს პარტიის გახლეჩვა? მე მიმაჩნია, რომ არა.

საკითხი, უნდა იყოს თუ არა არჩეული პარტიის თავმჯდომარე, საკითხი, რომელიც დასმული იქნება ყრილობაზე წესდების დასაცავად იმ პირობებში, როდესაც არ იარსებებს თავმჯდომარის ალტერნატიული კანდიდატურა, არის თუ არა ისეთი დრამატული, რომ ამის გამო უნდა მოხდეს პარტიის გახლეჩვა? ჩემი აზრით, არა.

ამიტომ, მე ბოლომდე ვერ ვხსნი, რატომ მიმდინარეობს ასეთი ინტენსიური და აგრესიული კამპანია. როგორც ჩანს, ამ ორი საკითხის გარდა, თავი იჩინა განსხვავებებმა, რომელიც არსებიბს პარტიის წევრების ხედვებს შორის. ეს არის სტრატეგიული და ტაქტიკური განსხვავებები” - ამბობს ბაქრაძე და ამის მაგალითებს ასახელებს.

“ეს თემა დადგა არჩევნების შემდეგ, როდესაც პარტიის წევრებს მიაჩნდათ, რომ პარტია არ უნდა შესულიყო პარლამენტში. მე ვიყავი იმ ნაწილში, რომელსაც მიაჩნდა, რომ ჩვენი პარტია, თუ ჩვენ გვინდა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, პარლამენტშიც უნდა იყოს, საკრებულოებშიც, ქუჩაშიც, უცხოეთშიც, თელავშიც, ზუგდიდშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც… ყველგან უნდა ვიყოთ და ყველგან უნდა ვუბრძოლოთ იმისთვის, რომ ხალხის მხარდაჭერით ეს უმაქნისი მთავრობა, რომელმაც ქვეყანა გააღარიბა, გავუშვათ სახლში. ამიტომ, მე მიმაჩნდა, რომ, უნდა შევსულიყავით და საპარლამენტო და პოლიტიკური ბრძოლის გზა არის მნიშვნელოვანი. იყო ნაწილი პარტიაში, ვისაც მიაჩნდა, რომ არა.

ასევე განსხვავება არსებობს მომავალთან დაკავშირებით, არის ნაწილი პარტიაში, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნების გზა არის არაპერსპექტიული და პარტიის ბრძოლის გზა უნდა იყოს ქუჩის ბრძოლის გზა. მე მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ქუჩის აქციებიც უნდა ჩავატაროთ, მაგრამ არჩევნებზე უარის თქმა იქნება პარტიის დასუსტება და არასწორი სიგნალი ჩვენი ამომრჩევლის მიმართ, რადგან ადამიანებს უნდათ სტაბილურობა, სიმშვიდის განცდა. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას,  რომ ჩვენით შეაშინოს ხალხი - თითქოს ნაციონალურ მოძრაობას ოარეულობა, როგორც ეს ახლა გააკეთეს” - ამბობს ბაქრაძე.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წარსულის შეფასება.

“არიან ადამიანები პარტიაში, ვისაც მიაჩნია, რომ კრიტიკული საუბარი წარსულზე და იმაზე, რომ წარსულში იყო შეცდომები, არის თავზე ნაცრის დაყრა და არ უნდა გაკეთდეს. მე მიმაჩნია, რომ ეს ასე არ არის. ვფიქრობ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, მაგრამ ამასთან ერთად, იყო შეცდომები და იყო მძიმე დანაშაულები. ჩვენი სიძლიერე სწორედ იმაში უნდა იყოს, რომ თვალი გავუსწოროთ წარსულს და ადამიანებს, ჩვენს მოსახლეობას ვაგრძნობინოთ, რომ გულწრეფლად ვხედავთ ყველაფერს - კარგსაც, ცუდსაც და ეს ცუდი მომავალში აღარ განმეორდება.

ასე რომ ბევრი საკითხია, სადაც არის განსხვავებები, როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი ამ პოსტსაარჩევნო სიტუაციაში და როგორც ჩანს, ამით მივიღეთ… იმიტომ, რომ ვერც მე ვხსნი, ცალ-ცალკე აღებული ვერც ერთი ფაქტორით - რატომ მივიდა პარტია ამ სიტუაციამდე” - თქვა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა რუსთავი ორის ეთერში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 20 იანვარს გაიმართება.

კომენტარები