თურქეთი

თურქეთში განათლების სფეროს 2000-ზე მეტ თანამშრომელს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს

AFP

თურქეთში უკანასკნელ 72 საათში 2000 განათლების სფეროში მომუშავეს დროებით უფლებამოსილება შეუჩერეს, 158 გაათავისუფლეს, 125 დააკავეს, 221 კი დროებით დააკავეს. მათ შორის - 1980 განათლების სამინისტროს თანამშრომელსა და 62 მასწავლებელს.

პოლიციამ სპეცოპერაციები თურქეთის ერთდროულად 19 პროვინციაში ჩაატარა. ყველა ეს ადამიანი ფეთულა გიულენთან და თურქეთში ივლისში მომხდარ გადატრიალებასთან კავშირშია ბრალდებული.

უკანასკნელ 3 დღეში, მათ გარდა დაკავებულთა შორის არიან პროქურთული პოლიტიკოსები, პოლიციის ოფიცრები, სამხედრო პირები და ბიზნესმენები.

გარდა ამისა, 20 დეკემბერს თურქეთის უზენაესი სასამართლოდან დროებით დაითხოვეს 96 მოსამართლე და პროკურორი.

Turkey Purge-ს ცნობით, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში 115 475 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, 41 254 დააკავეს, 82 113 კი დროებით დააკავეს. 2099 სკოლა და უნივერსიტეტი დახურეს. 6337 აკადემიკოსი და 3843 მოსამართლე სამსახურიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, დახურეს 195 მედიასაშუალება და დააკავეს 145 ჟურნალისტი.

კომენტარები