სირიის კრიზისი

AP: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ალეპოს დაბომბვა გრძელდება

Reuters

გუშინ ღამე, გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე სრული კონტროლი დაამყარეს.

"ბოლო საათების განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია, რომ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. სირიის მთავრობამ სრული კონტროლი დაამყარა ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე. ახლა კი დროა პრაქტიკული ჰუმანიტარული ინიციატივებისთვის", - აღნიშნა ჩურკინმა.

ამის შემდეგ, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ტერიტორიის დატოვებისთვის ემზადებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ასევე ამბოხებულებიც.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, ალეპოდან მოქალაქეებისა და ამბოხებულების გამოყვანა დროებით გადაიდო. სამთავრობო ავტობუსები უკვე ადგილზეა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ ქალაქიდან მხოლოდ სამთავრობო ძალების დაშავებული სამხედროები და ამბოხებულების მიერ დაზარალებული მოქალაქეები გამოჰყავთ.

დღეს დილით, დასავლური მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქალაქეების გამოყვანის გადადების მიუხედავად, მაინც მოქმედებდა.

თუმცა, AP-ის ცნობით, სირიის ოპოზიციური ძალები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ალეპოს დაბომბვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისევ გრძელდება.

კომენტარები