ბრიუსელში, სამმხრივ შეხვედრაზე - ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტი და ევროკომისია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დოკუმენტის საბოლოო ტექსტზე შეთანხმდა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ განაცხადა, რომ ტექსტში შევიდა ცვლილება - რომლის მიხედვითაც ვიზალიბერალიზაცია ძალაში უნდა შევიდეს შეჩერების მექანიზმთან ერთად.
საგარეო უწყება ტრიალოგის წარმატებით დასრულებას მიესალმება და შემდგომ პროცედურებს განმარტავს:
- რეგულაციის ცვლილების შეთანხმებულ რედაქციას დაამტკიცებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (COREPER) და კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE).
- ამის შემდეგ, გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.
- ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.
- საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში).





