მაიკლ ჯორდანის საქმე

ჯორდანმა Qiaodan Sports-ს ჩინეთის უზენაეს სასამართლოში სავაჭრო ნიშანზე დავა მოუგო

AFP/Getty Images

ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა Qiaodan Sports-ს ჩინეთის უზენაეს სასამართლოში სავაჭრო ნიშანზე დავა მოუგო.

ჩინეთის სახალხო უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, Qiaodan Sports-მა უნდა შეწყვიტოს ჯორდანის სახელის გამოყენება. Qiaodan Sports ჩინურ ენაზე ჯორდანის გვარის იდენტურად ჟღერს.

Qiaodan Sports-ი ჩინეთში 1998 წელს გაიხსნა, თუმცა მათ წინააღმდეგ საჩივარი მაიკლ ჯორდანმა 2012 წელს შეიტანა. ჯორდანის თქმით, ჩინური კომპანია მის გვარს მისი ნებართვის გარეშე იყენებდა. ჯორდანმა ისიც აღნიშნა, რომ Nike-ს ბრენდი Air Jordan ერთადერთია, რომელსაც მაიკლ ჯორდანთან ოფიციალური ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

"ბედნიერი ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ჩინელ ხალხს აქვს იმის ცოდნის უფლება, რომ ამ კომპანიის პროდუქციას ჩემთან საერთო არაფერი აქვს. საკუთარი გვარის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ამ პრინციპის მნიშვნელობას", - თქვა ჯორდანმა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ფირმას მხოლოდ სახელის ჩინური ვერსიის გამოყენება აუკრძალა, თუმცა Qiaodan Sports-ს აქვს უფლება, რომ ამ სახელის ლათინური ვერსია შეინარჩუნოს. ლათინურად წარმოთქმული კომპანიის სახელი ჯორდანის გვარს ასევე ჰგავს.

 

კომენტარები