საქართველოს საპატრიარქო

რას პასუხობს პატრიარქის სიძე და დაცვის უფროსი მეუფე იაკობის ბრალდებებს?

სოსო ოხანაშვილი

ქორეპისკოპოს იაკობის ბრალდებებს ტაბულასთან სატელეფონო საუბრისას კათოლიკოს-პატრიარქის სიძემ და საპატრიარქოს უსაფრთხოებისა და ქონების დაცვის სამსახურის უფროსმა, იოსებ ოხანაშვილმა უპასუხა. ოხანაშვილი ილია მეორის ძმიშვილის, მიტროპოლიტ დიმიტრის ქალიშვილის მეუღლეა.

ქადაგებისას მეუფე იაკობმა საპატრიარქოს დაცვის სამსახურის წევრებსა და მის ხელმძღვანელს, სოსო ოხანაშვილს, ეკლესიასთან ბრძოლასა და ეპისკოპოსების წინააღმდეგ სტატიების შეკვეთაში დასდო ბრალი. ქორეპისკოპოსი იაკობი დაცვის სამსახურის დახურვითაც დაიმუქრა. მან ასევე თქვა, რომ პატრიარქთან საუბრის შემდეგ, საპატრიარქოში "ერთი პირი გაილახა".

იოსებ ოხანაშვილი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ საპატრიარქოში მეუფე იაკობის თანაშემწემ დაცვის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა.

"არანაირად არ ვადასტურებ მის ბრალდებებს. წავიკითხე ყველაფერი და ხომ არ ავყვები ეხლა. სასულიერო პირია და ამხელა ხარისხშია, მე ერის კაცი ვარ. ღმერთმა აპატიოს, რა ვუყო, სხვა რა გითხრათ", - განუცხადა ტაბულას ოხანაშვილმა.

ტაბულა: ტყუილია მისი ბრალდებები?

ოხანაშვილი: რა თქმა უნდა. ის ყველაფერი, რასაც იძახის, რაღაც ფაქტებით ხომ უნდა დაადასტუროს, საბუთი ხომ უნდა ჰქონდეს? საზოგადოებას ხომ უნდა აჩვენოს? მე 14 წელია მანდ ვმუშაობ და ღმერთმა დამიფაროს, რომ... ის ბრალდებები, რაც მან წამოაყენა, თან პირდაპირ ამბიონიდან, არ შეეფერებოდა მის ხარისხ და საქციელს, მაგრამ რა ვუყო აბა? რა ვქნა? არანაირი კონფლიქტი ჩვენ შორის არ ყოფილა.

ტაბულა: რას უკავშირებთ ამ ბრალდებას?

ოხანაშვილი: არ ვიცი. ჩანს, რომ ეს პირადად მისგან არ მოდის და მის უკან რაღაცა ძალა დგას. მე მევალება საპარტიარქოს და პატრიარქისა უსაფრთხოება და ახლა რომ დავიწყო მაგის გამოძიება და ჩავეძიო, ეს ჩემი საქმე არ არი და არც კომპეტენციაა.

ტაბულა: შეიძლება ამის მიზეზი იყო მეუფე დიმიტრისა და მეუფე იაკობს შორის კონფლიქტი?

ოხანაშვილი: არანაირი კონფლიქტი არ აქვთ მეუფე დიმიტრისა და მეუფე იაკობს, მე როგორც ვიცი ყოველ შემთხვევაში.

ტაბულა: მეუფე იაკობი ამბობს, რომ ერთი პირი გაილახა

ოხანაშვილი: იყო რაღაც ინციდენტი, მაგრამ გალახვა არ ყოფილა. მე არ ვიმყოფებოდი მაგ პერიოდში, შელაპარაკების დონეზე იყო შეურაცხყოფები.

ტაბულა: იაკობის მხრიდან?

ოხანაშვილი: არა, როგორც ის აღნიშნავს, მისი ერთ-ერთი თანაშემწის მხრიდან.

ტაბულა: ვის ეხებოდა ეს შეურაცხყოფა?

ოხანაშვილი: დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს. იქ უამრავი იყვნენ ბიჭები და ყველას მიმართ იყო. როგორც მე გამოვიტანე აზრი, ჩემ მიმართ იყო და აქედან გამომდინარე, ჩემი სამსახურის ბიჭებზე გადატყდა. შელაპარაკება და სიტყვიერი შეურაცხყოფები იყო, რასაც მე არ ავყევი და არანაირი რეაგირება არ მოვაყოლე.

ტაბულა: რაც შეეხება დაცვის სამსახურის გაუქმებას...

ოხანაშვილი: მას არანაირი უფლება არ აქვს უსაფრთხოების სამსახურის დახურვის და გაუქმების. ეს სამსახური მას არ შეუქმნია, ეს მას არ ეკითხება და არ ესაქმება.

ტაბულა: რაც შეეხება სტატიების შეკვეთას 

ოხანაშვილი: სტატიის გამოქვეყნებასთან არანაირი კავშირი არ მაქვს.

ტაბულა: ინფორმაცია არ მიგიწოდებიათ ჟურნალისტებისთვის?

ოხანაშვილი: ჩემი საქმე არ არის ეს, ხომ გითხარით."

მიუხედავად იმისა, რომ სოსო ოხანაშვილი ტაბულასთან საუბარში ქორეპისკოპოს იაკობთან კონფლიქტს უარყოფს, მეუფე იაკობი ქადაგებაში აღნიშნავს, რომ დაცვის სამსახური მას "პირადად ეხებოდა", საპატრიარქოში არ ჩნდებოდა და ეპისკოპოსობიდან წასვლასაც კი აპირებდა.  

"დაცვის სამსახურს გავუუქმებ, მაგრამ უწმინდესს შევპირდი, რომ მასთან ერთად გავივლი რაღაც საკითხებს, რომ უწმინდესის ის არ დაზარალდეს. ტყუილად გონიათ, რომ ან სიძეობა ან რამე იმუნიტეტია, არც ეპისკოპოსობა არ არის იმუნიტეტი. უწმინდესს გუშინ განვუცხადე... თქვენ კარგად ხედავთ, რომ დიდი ხანია საერთოდ აღარ ვჩნდები. საერთოდ ვაპირებდი ეპისკოპოსობიდან წასვლასაც. უწმინდესსაც ვუთხარი, ისეთი სიტუაციები იყო, ისე მიმდინარეობდა... მაგრამ ახლა ეკლესიის წინააღმდეგ წავიდა ბრძოლა. ჩემი უწმინდესის წინააღმდეგ წავიდა ბრძოლა. ამ დროს, მე ვიტვირთავ იმას, რომ ჩვენი ეკლესია ასეთი ხალხისგან გავათავისუფლო. 

უწმინდესმა ადრეც გაუშვა ეგ სამსახური, მაგრამ ვიღაცების იმით დარჩნენ და ვითომ ასრულებენ. ნამდვილად, მანამდეც და დღესაც, უხეშად ერევიან, მე თუ პირადად მეხებიან, ეგ არაფერია. მე ვალდებული ვარ მოვითმინო, მაგრამ იმანაც დამირეკა პრაიმტაიმიდან. იგივე ჟურნალისტი მირეკავდა. ახლა ჩემზე მისცეს ეტყობა შეკვეთა. პატრიარქი გავაფრთხილე, რომ ისინი სამსახურში მაინც ვერ ივლიან. ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ გაუგებარი არ იყოს. ჩემთვის ღირსება უპირველესია. ეპისკოპოსობა არაფერს არ ნიშნავს. თუ ღირსებაა, მე ღირსებას ვირჩევ და გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია. ამას იმიტომ ვამბობ, თან დროც მივეცი, რომ ისინი, ვინც იცავენ, დაიცვან და იმათაც მივაყოლებ ზევიდან", განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას.

აღსანიშნავია, რომ წარსულში ქორეპისკოპოსი იაკობი მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის მხარდამჭერად და მისი გავლენის აქტორად მოიაზრებოდა. ტაბულას წყაროს ინფორმაციით, ქორეპისკოპოს იაკობსა და მიტროპოლიტ დიმიტრის სიძის, იოსებ ოხანაშვილს შორის კონფლიქტის შემდეგ, მეუფე იაკობი არც საპატრიარქოში და არც სამების საკათედრო ტაძარში აღარ ჩნდებოდა. იმავე წყაროების ინფორმაციით, იოსებ ოხანაშვილი საპატრიარქოში გავლენიან ფიგურას წარმოადგენს, მიტროპოლიტ დიმიტრის ინტერესების გამტარად მიიჩნევა და ზოგჯერ საკადრო გადაწყვეტილებებშიც ერევა.

კომენტარები