გადასახადები

მთავრობა ავტომობილებზე 500 ლარამდე ქონებრივი გადასახადის შემოღებას გეგმავს

TOYOTA LandCruiser Prado 2016
caradvice.com.au

2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტთან მიმაგრებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან, კერძოდ კი საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებიდან ირკვევა, რომ მთავრობა ავტომფლობელთა დაბეგვრას გეგმავს. კერძოდ კი იმ ავტომფლობელებს, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია, წელიწადში 500 ლარამდე ფიქსირებული გადასახადის გადახდის ვალდებულება უჩნდებათ.

საკანონმდებლო ცვლილების ტექტსი ასე გამოიყურება:

"ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ვალდებული ხდება გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით, ლარებში:

  • 1- წლამდე 500 ლარი ფიქსირებულად
  • 1 წლიდან-5 წლამდე 240 ლარი ფიქსირებულად
  • 5 წლიდან -10 წლამდე 120 ლარი ფიქსირებულად
  • 10 წლის ზემოთ 60 ლარი ფიქსირებულად",- წერია ცვლილებათა პაკეტში.

მთავრობა მომავალ წელს პრაქტიკულად ყველა გადასახადის ზრდას გეგმავს, რის უფლებასაც მას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს. ერთადერთი ცვლილება, რომელიც გადასახადების შემცირებისკენაა მიმართული, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვაა, თუმცა აქაც რიგი კითხვები არსებობს, რადგანაც ამ გადასახადის შემცირების გამო, მთავრობა ზრდის იმ ტიპის გადასახადებს, რომლებიც პრაქტიკულად ყველა მოქალაქის შემოსავლებზე აისახება ნეგატიურად, რადგანაც საწვავზე აქციზის გადასახადის გაორმაგება ჯაჭვისებურ ეფექტს იქონიებს ქვეყანაში არსებულ ფასების დონზე. მოგების გადასახადის შემცირებით კი, მოგებული გაცილებით უფრო ცოტა იქნება. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაგეგმილ ცვლილებებს ეკონომიკური თვალსაზრისით გაუგებარს უწოდებს.

კომენტარები