ჰომოფობია

ლგბტ დროშები - პასუხი აშშ-ის არჩეულ ვიცეპრეზიდენტს

სუზენ კენედი

ამერიკის ახლად არჩეულ ვიცეპრეზიდენტს, მაიკ პენსს, ახალმა მეზობლებმა ვაშინგტონში მისთვის არცთუ ისე სასიამოვნო დახვედრა მოუწყვეს, რითიც ლგბტ უფლებების მიმართ პენსის დამოკიდებულება გააკრიტიკეს.

პენსის ნაქირავებ სახლთან ახლოს, ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთის მცხოვრებლებმა თავიანთი სახლებიდან ლგბტ დროშების გადმოფენა დაიწყეს.
„ზრდილობიანი გზავნილი მის იმ აზრებს, რომელსაც არ ვეთანხმები“, - ასე აფასებს დროშების გადმოფენას პენსის ერთ-ერთი მეზობელი. 

პენსს მრავალი წელია ლგბტ აქტივისტები მისი შეხედულებების გამო აკრიტიკებენ. შარშან, როდესაც პენსი ჯერ კიდევ ინდიანის შტატის გუბერნატორი იყო, მან კანონში ცვლილება შეიტანა, რის მიხედვითაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს უფლება მისცა, გეი და ლესბოსელ კლიენტებს არ მომსახურებოდნენ. პენსმა ეს კანონი მოგვიანებით შეცვალა და სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალა.

ვაშინგტონი, თავის მხრივ, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა დიდი რაოდენობითაა ცნობილი. 2016 წლის არჩევნებში, ჰილარი კლინტონმა (რომელიც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო) ვაშინგტონის ამომრჩეველთა ხმების 93% მიიღო.

WJLA-ის ინფორმაციით, დაახლოებით, 6 ლგბტ დროშაა ამ დროისთვის გადმოფენილი, თუმცა მათივე თქმით, ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
პენსის ბინის ქირა ყოველთვიურად 6 000 აშშ დოლარს შეადგენს. პენსი ვიცეპრეზიდენტის ოფიციალურ სახლში (რომელიც ასევე ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს) მას შემდეგ გადავა, რაც მას ჯერ კიდევ მოქმედი ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დატოვებს. 

არჩეული ვიცეპრეზიდენტის შეხედულებების მიმართ პროტესტი ბროდვეის ერთ-ერთმა დასმაც გამოხატა. პენსი სპექტაკლ "ჰამილტონს" ესწრებოდა. წარმოდგენის დაწყებამდე მსახიობებმა არჩეული პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტის მიმართ პროტესტი გამოთქვეს. "იმედია, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყველა ამერიკელისთვის იმუშავებს", - ითქვა სპექტაკლზე. არჩეული პრეზიდენტი ამ ამბავს მისთვის ტრადიციული გზით გამოეხმაურა და twitter-ის საკუთარ გვერდზე მსახიობებს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ტრამპისგან განსხვავებით, თავად პენსი თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს. პენსის თქმით, ძალიან ისიამოვნა სანახაობით, სპექტაკლის დასასრულს კი, მისივე თქმით, შვილებს უბიძგა და უთხრა, რომ ეს არის ის, რასაც თავისუფლება ჰქვია. 

 

კომენტარები