აშშ-ს თავდაცვის მდივანი

დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნად ჯეიმს მეტისი დანიშნა

wordpress.com

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნად გენერალი ჯეიმს მეტისი დანიშნა. ოჰაიოში სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა მეტისი დაახასიათა, როგორც საუკეთესო, ვინც აშშ-ს ჰყავს.

ახლად არჩეული ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოშიც იმყოფებოდა. მეტისი რუსეთის მიმართ მკაცრი შეფასებებით გამოირჩევა. 

"რუსეთთან ბრძოლიდან ცოტა ხნის შემდეგ მე გადავფრინდი საქართველოში, შევხვდი ქართველ ოფიცრებს, რომლებიც ბრძოლაში მონაწილეობდნენ. მათთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, რადგან საქართველოში რუსეთმა შეცვალა ევროპის საზღვრები შეიარაღებული ძალების საშუალებით, NATO-მ ვერ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია მათთვის, ინტელექტუალურადაც კი. რუსეთი არასაბრძოლო ხერხებითაც იბრძვის. ისინი თავს ესხმიან კიბერშეტევებით, იყენებენ Vostok-ის ბატალიონს. ვინც არ იცით მათ შესახებ, ისინი არიან რუსი ოფიცრები, რუსული შეიარაღებით აღჭურვილი, რუსეთის მიერ დაფინანსებული ხალხი. ისინი გარდაიქმნენ ისეთი ტიპის ცხოველად, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ისინი შედიან ტერიტორიაზე, გამიზნულად წვავენ, ძარცვავენ და აუპატიურებენ ხალხს. შემდეგ მოდიან რუსეთის შეიარაღებული ძალები და ამბობენ, ჰო, ჩვენ აქ ვართ, მოვედით, რომ სიტუაცია განვმუხტოთ. ხედავთ? ჩვენ, რუსები კარგი ხალხი ვართ", - განაცხადა ჯეიმს მეტისმა.

მეტისი ხშირად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთთან, კერძოდ ირანთან მიმართებით. ჯეიმს მეტისის შეფასებით, ირანი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საფრთხეს წარმოადგენს.

ჯეიმს მეტისი წარსულში ერაყსა და ავღანეთში საზღვაო ქვეით ჯარში მსახურობდა. 1991 წელს სპარსეთის ყურეში ომსა და 2001 წელს სამხრეთ ავღანეთში მეტისი ბატალიონის ხელმძღვანელი იყო. 2003 წელს ერაყის დაპყრობაში, 2004 წელს კი ერაყელი მეამბოხეების წინააღმდეგ Fallujah-ის ბრძოლაში მონაწილეობდა.

კომენტარები